L. (Marssonia potentillae (Desm.) Magn.) ეს დაავადება საქართველოში ყველგან გვხვდება. სადაც კი ჟოლოს კულტურული და ველური ფორმებია გავრცელებული. მისი გარჩევა ჟოლოს სხვა დაავადებებისაგან საკმაოდ იოლია. ავადდება ყლორტები, სანაყოფე ტოტები, ფესვის ყელი, ფოთლები და ფოთლის ყუნწები. დაავადების გამომწვევი სოკო თავდაპირველად ყლორტების ქვედა და შუა ნაწილში, კერძოდ კვირტის ფუძესთან აჩენს ლილისფერ ლაქებს, რომლებიც სწრაფად იზრდება, ერთდება და ქმნის დაზიანების მთლიან უბანს, ლილისფერი ლაქა თანდათანობით იღებს მოყავისფრო შეფერვას. შემოდგომაზე ლაქების გარკვეული ნაწილი მოთეთრო-მონაცრისფეროა, გაზაფხულზე კი დანარჩენი ნაწილიც ნაცრისფერს იღებს. გამოზამთრების შემდეგ. გაზაფხულის პერიოდში დაავადებულ ყლორტებზე საფარველი ქსოვილი სკდება, იქერცლება და სცილდება ყლორტებს. დაავადებული ყლორტებზე სოკო მთლიანად იკავებს ქსოვილს, რის გამოც კვირტების საფარველი ქსოვილიც იცვლის ფერს. იგი ლილისფერია, გამოზამთრების შემდეგ კი მოთეთრო-მონაცრისფერო ხდება. დაავადების ძლიერი გავრცელების შემთხვევაში კვირტების დიდი რაოდენობა იღუპება, რის შედაგადაც მცირდება მოსავალი. მეწამული სილაქავე მსგავსი ნიშნებით მიმდინარეობს სანაყოფე ტოტებზე და ფითლის ყუნწებზე. ფოთლებზე დაავადება განსაკუთრებით მაღალი ტების პირობებში ვლინდება. ფოთლის ზედა მხარეზე მუქი შეფერილობის მოყავისფრო ლილისებური, გაბნეული არასწორი ფორმის ლაქები ვითარდება. ჟოლოს დაავადებულ ნაწილებზე სექტემბერ-ოქტომბერში სოკოს ნაყოფიანობა წარმოიქმნება შავი წერტილების სახით. ნაყოფიანობის მომწიფება მაისის ბოლოს ხდება, როვა ჟოლოს ყლორტების სიმაღლე თექვსმეტი-ოცი სანტიმეტრია. მეწამული სილაქავის სიმპტომები ივნისის თვეში ვლინდება. დაავადების გამომწვევი სოკო იზამთრებს ყლორტებზე, რომელიც ინფექციის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. დაავადების გავლენით ეცემა მოსავლის ხარისხი, მცირდება ჟოლოს ნაყოფში ვიტამინების, შაქრების შემცველობა, იზრდება მჟავიანობა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.