მზის გამოსხივებას ადვილად შთანთქავენ ატმოსფერული აირები (ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ოქსიდები და ა.შ.). რადგან სითბო იმავე პრინციპით შთაინთქმება, როგორც მინით დაფარულ სათბურებში. სათბურის ეფექტის წარმოქმნაში ძირითადი ნაწილი მოდის CO₂-ზე (ნახშირორჟანგი), წყლის ორთქლზე, მეთანსა და აზოტის ორვალენტიან ოქსიდზე. შესაბამისად, რაც მეტია ამ აირების კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი მზის ენერგია გარდაიქმნება სითბოდ. სათბურის ეფექტი მნიშვნელოვანად ცვლის დედამიწაზე არსებულ გარემო პირობებს. მისი ზეგავლენით კლიმატი უფრო თბება და ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი პლანეტაზე 15⁰ C შეადგენს. რომ არა სათბურის ეფექტი, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 33⁰C-ით ნაკლები ანუ -18⁰ C, ხოლო კლიმატი ბევრად ცივი და მკაცრი იქნებოდა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.