C

სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სხ
სოკ სოლ სოფ

სოკოები

L. (Mycota ანუ Mycophyta ანუ Fungi)
ეკუთვნიან სოკოების სამეფოს. დღეისათვის ცნობილია სოკოების დაახლოებით 120 ათასი სახეობა (თუმცა ვარაუდობენ 1–1.5 მილიონ სახეობას). ისინი ჰეტეროტროფები არიან. გვხვდებიან როგორც საპროფიტი, ისე პარაზიტი სოკოები, ზოგი კი სიმბიოზურ კავშირშია სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან. თალუსის აგებულების მიხედვით სოკოები იყოფა პლაზმურ (მათი სხეული წარმოადგენს შიშველ პლაზმას) და მიცელიარულ (აქვთ ძაფნაირი თალუსი ანუ მიცელიუმი) სოკოებად. მიცელიუმის შემადგენელ ძაფებს ჰიფები ეწოდებათ. მიცელიუმი შეიძლება იყოს ერთი ან მრავალუჯრედიანი, დატოტვილი ან დაუტოტავი, შეფერილი და შეუფერავი, ერთწლიანი (მცენარის ერთწლიან ორგანოებში) ან მრავალწლიანი (მრავალწლიან ორგანოებში), უჯრედშიდა ანუ ენდოფიტური (სოკოების უმეტესობას), უჯრედგარე ანუ ეგზოფიტური (ნაცროვან სოკოებს) და უჯრედშორისი (ჭრაქის, ფიტოფტორის გამომწვევ სოკოებს). მიცელიუმის სახეცვლილებები: მიცელიუმი თავისი აგებულებით ნაზია, თხელგარსიანი, ამიტომ გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის მიზნით მას ჩამოუყალიბდა სახეცვლილებები, რომლებიც ამავე დროს სოკოს გამრავლება–გავრცელებას ემსახურება. მიცელიუმის სახეცვლილებები წარმოიქმნება ორი გზით: ჰიფების შეერთებით ან დაშლით. ჰიფების შეერთებით მიიღება რიზომორფი, სკლეროციუმი, მიცელიარული ჭიმი ანუ თასმა, აფსკი და მიცელიარული კვანძი ანუ ჰემი. ჰიფების დაშლით კი მიიღება ქლამიდოსპორა და ოიდიოსპორა. სოკოების კვება და სუნთქვა ფერმენტული ხასიათისაა. კვება - ნეკროტროფული კვება - ობლიგატური საპტოფიტები, ფაკულტატური პარაზიტები; ბიოტროფული კვება - ობლიგატური პარაზიტები, ფაკულტატური პარაზიტები. სუნთქვის მიხედვით სოკოების უმრავლესობა აერობულია. გამონაკლისს შეადგენენ საფუარა სოკოები, რომელთაც ანაერობული სუნთქვა ახასიათებთ. სოკოების გამრავლება: სოკოების გამრავლება ხდება ორი გზით: უსქესოდ და სქესობრივად. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ვეგეტატიურად (მიცელიუმის ან მისი სახეცვლილებების ნაგლეჯებით, დაკვირტვით) და უსქესო სპორებით. სქესობრივი გამრავლების ფორმებია: ჰოლოგამია, ჰეტეროგამია, იზოგამია, ზიგოგამია (უმდაბლეს სოკოებში), ოოგამია და აპოგამია (უმაღლეს სოკოებში). ნაყოფსხეულები: სოკოების ნაწილი წარმოქმნის ნაყოფსხეულებს, რომლებშიც სპორები ვითარდება, ზოგ სოკოში კი სპორები ნაყოფსხეულის გარეშეა. ნაყოფსხეული შეიძლება იყოს მიკროსკოპული და მაკროსკოპული. მაკროსკოპული ნაყოფსხეული აქვთ მაგ, ქუდიან და აბედა სოკოებს, ხოლო მიკროსკოპული ნაყოფსხეული ახასიათებთ ჩანთიან სოკოებს: კლეიტოკარპიუმი, პერიტე ციუმი, აპოტეციუმი და უსრულ სოკოებს – პიკნიდიუმი. სპორა: სპორა სოკოებში იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც თესლი უმაღლეს ფარულთესლოვან მცენარეებში, ე.ი. გამრავლებას ემსახურება, ოღონდ იგი უფრო მარტივი აგებულებისაა. გარედან აქვს გარსი, შიგნით კი ციტოპლაზმა თავისი ორგანოიდებით და ბირთვი. სპორა შეიძლება იყოს 1, 2 ან მრავალუჯრედიანი, შეფერილი ან შეუფერავი, მოძრავი ან უძრავი, სხვადასხვა ფორმის და ზომის, უსქესო ან სქესიანი, შინაგანი წარმოშობის ანუ ენდოგენური და გარეგანი წარმოშობის ანუ ეგზოგენური. შინაგანი წარმოშობის სპორები: შინაგანი წარმოშობის ეწოდებათ ისეთ სპორებს, რომლებიც გაფანტვისათვის საჭიროებენ წარმომშობი სხეულის დაშლას. ასეთებია: სპორანგიოსპორა (ვითარდება სპორანგიუმში, უსქესოა), ზოოსპორა (ვითარდება ზოოსპორანგიუმში, უსქესოა), ასკოსპორა (ვითარდება ასკებში ანუ ჩანთებში, სქესიანია). გარეგანი წარმოშობის სპორები: გარეგანი წარმოშობის ეწოდებათ ისეთ სპორებს, რომლებიც გაფანტვისათვის არ საჭიროებენ წარმომშობი სხეულის დაშლას. ასეთებია ბაზიდიოსპორა (წარმოიქმნება ბაზიდიუმზე, სქესი ანია), და კონიდიოსპორა (წარმოიქმნება კონიდიათმტარებზე, უსქესოა).

კონიდიალური ნაყოფიანობის ფორმები: სოკოებში ვხვდებით ოთხი ტიპის კონიდიალურ ნაყოფიანობას:

მარტივ ჰიფისებურ კონიდიათმტარებზე განვითარებული კონიდიუმები (მაგ, სოკო Fusarium-ი, Verticillium-ი და სხვ.

კორემიუმი – მასზე კონიდიათმტარების ფუძეები შეერთებულია, ბოლოები კი თავისუფალია და მასზე სხედან კონიდიუმები. ახასიათებს მაგ, ლობიოს ფოთლების კუთხოვანი სილაქავის გამომწვევს.

სარეცელი – მასში კონიდიათმტარის ფუძეებიც შეერთებოლია და ბოლოებიც, ზემოდან კი კონიდიუმები სხედან. ახასიათებს მაგ, ანთრაქნოზის გამომწვევებს.

პიკნიდიუმი – მასში კონიდიათმტარები ისეა შეერთებული, რომ მიიღება პერიტეციუმის მსგავსი მომრგვალო ოვალური სხეული კარით ანუ პორუსით, რომელშიც კედლებზე შიგნიდან კონიდიუმები ვითარდება. პიკნიდიუმში განვითარებულ კონიდიუმებს ანუ კონიდიოსპორებს პიკნოსპორები ეწოდებათ. ახასიათებს მაგ, Phoma-ს გვარს.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9