იგულისხმება ადსორბციის, აბსორბციის, ქემოსორბციისა და დესორბციის მოვლენები. ადსორბცია – ფუმიგანტის კონცენტრირება საფუმიგაციო მასალის ზედაპირზე; აბსორბცია – იგივე უფრო ღრმად, სხეულის მასაში; ქემოსორბცია – ადსორბციისა და აბსორბციის მოვლენებს თან ახლავს ქიმიური რეაქციები, უპირატესად, ფუმიგანტისა და საფუმიგაციო მასალის ცალკეულ კომპონენტებს შორის; დესორბცია - ადსორბირებული და აბსორბირებული ფუმიგანტის საფუმიგაციო მასალის ზედაპირიდან ან სიღრმიდან გარემოში უკუგადასვლა, რაც განპირობებულია იგივე ფაქტორებით, როგორც ადსორბცია და აბსორბცია, მხოლოდ ამ ფაქტორების მოქმედება პირველადი მოვლენის (ადსორბცია, აბსორბცია) საწინააღმდეგოა. სორბციის ზრდა ამცირებს ფუმიგანტის დიფუზიის სისწრაფეს, ზრდის ფუმიგანტის ხარჯვის ნორმას, ართულებს დესორბციის (დეგაზაციის) პროცესს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.