ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი დიფერენცირებული პროფილი, კარგად გამოხატული ელუვიური და ყვითალ-ყომრალი ილუვიური ჰორიზონტი. ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგები ხასიათდება მჟავე რეაქციით, ყველაზე მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა ელუვიური ჰორიზონტები, სიღრმით აღინიშნება მჟავიანობის შემცირების ტენდენცია. ჰუმუსის შემცველობა მცირე ან საშუალოა. ნიადაგები ღრმად ჰუმუსირებულია. ჰუმუსის ტიპი ფულვატორია, შთანთქმის ტევადობა დაბალი. ნიადაგები ფუძეებით არამაძღარია. მექანიკური შედგენილობის მიხედვით ნიადაგები თიხნარებსა და თიხებს მიეკუთვნება. ელუვიური ჰორიზონტები ფაღა რიბებულია წვრილი ფრაქციებით. ამ ჰორიზონტებში აღინიშნება კაჟმიწის დაგროვება და ერთნახევარი ჟანგების შემცირება. სიღრმეში, ილუვიურ ჰორიზონტებში, პირიქით, კაჟმიწის შემცველობა მცირდება და ერთნახევარი ჟანგების იზრდება. ნიადაგის მინერალური ნაწილი ხასიათდება ალიტური გამოფიტვით. ამ ნიადაგების ერთ-ერთი დიაგნოსტიკური ნიშანია ორტშტენიანი ჰორიზონტის არსებობა, რომლის წარმოქმნაში მონაწილეობს არა მარტო ზედა ჰორიზონტიდან გამორეცხილი ერთნახევარი ჟანგეულები, არამედ რკინით გამდიდრებული ინფილტრაციული წყალი. მასში არსებული რკინის ნაერთების ხარჯზე ხდება ილუვიური ჰორიზონტის რკინით გამდიდრება და მძლავრი ორშტეინიანი ჰორიზონტის ჩამოყალიბება. თიხამინერალებში ჭარბობს კაოლინიტი, ქლორიტები, ჰალუაზი. ყვითელმიწა-ეწრ ნიადაგებში არასილიკატური რკინის შემცველობა ჭარბობს სილიკატურს. ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების ძირითადი ელემენტარული ნიდაგ წარმომქმნელი პროცესებია: გაეწერება, ლესივირება, ალიტიზაცია და გამოტუტვა. ყვითელმიწა-ეწერების საერთო ფართობი საქართველოს 2% შეადგენს (137 600 ჰა). ეს ნიადაგები ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ ტენიან სუბტროპიკულ ზონაში ზღვის დონიდან 30 – 200 მ - მდე, ძირითადად, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, აფხაზეთში, სამეგრელოსა და შედარებით ნაკლებად იმერეთში. ამ ნიადაგების საკმაოდ დიდი მასივები გვხვდება მდინარეების კოდორის, ენგურის, ხობის, რიონის, ყვირილას და სხვ. ძველ ტერასებზე. ყვითელმიწა-ეწერები ფორმირდება, ძირითადად, ძველ ზღვიურ ტერასებზე. შედარებით მაღალი ჰიფსომეტრული ზოლი დანაწევრებულია და დრენირებული; ტერასების დაბალი ნაწილი ხასიათდება ნაკლები წყალწრეტით. ნიდაგწარმომქმნელი ქანები წარმოდგენილია თიხნარი და თიხა ნაფენებით, რომლებიც ფარავენ ქვამრგვალებს. კლიმატი არის ტენიანი, სუბტროპიკული. ზამთარი თბილია, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,4 – 6,8⁰ C; ზაფხული ცხელია, ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,5 – 24,5⁰ C. საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 14 – 19⁰ C ფარგლებში. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 4000 – 4500⁰ C - მდეა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა არის რვა თვე. ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია - 1500 მმ - მდე. ზაფხულსა და შემოდგომაზე ფარდობითი ტენიანობა აღწევს 90%, ხოლო მინიმალურ სიდიდეებს - 67 – 70% - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამჯამად ბუნებრივი მცენარეული საფარი დარღვეულია გაჩეხვის და ინტენსიური ძოვების შედეგად. ამ ზონაში გავრცელებული კოლხეთის ტიპის პოლიდომინანტური ტყეები წარმოდგენილი იყო მერქნიანი ხეეთით (მუხა, ძელქვა, წაბლი, ხურმა, რცხილი, იფანი-მლაფანი) ხვიარა ბუჩქებით (ეკალღიჭი, კატაბარდა) და მარადმწვანე ქვეტყით (ბზა, წყავი, დეკა). ამ ტყის მასივების ფარტობები ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით: ჩაი, ციტრუსები, თამბაქო, სიმინდი. კოლხეთის ტყეები შემორჩენილია ფრაგმენტული ნაკვეთების სახით. ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების პროფილს აქვს შემდეგი შენება: A – A₁A₂ – A₂ –B – BC. A - მუქი რუხი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 15 – 20 სმ, წვრილ კაკლოვანი, თიხნარი, ფესვების დიდი რაოდენობა, გადასვლა თანდათანობით. A₁ A₂ - ჩალისფერ-მორუხო ჰუმუსოვან-ელუვიურ ჰორიზონტი, თიხნარი, წვრილ-კოშტოვანი, ფხვიერი, ფოროვანი, გადასვლა თანდათანობით. A₂ - მოთეთრო-ყვითელი, ელუვიური ჰორიზონტი სიმძლავრით 5 – 10 სმ, თიხნარი, კოშტოვანი, ფხვიერი, ფოროვანი, წვრილი კონკრეციებით, გადასვლა ნათელი. B-ყვითალო-ჟანგისფერი ილუვიური ჰორიზონტი სიმძლავრით 20 – 30 სმ, თიხიანი, მომკვრივო, კოშტოვან-ბელტოვანი, გვხვდება კონკრეციები, გადასვლა თანდათანობით. BC-მოყვითალო გარდამავალი ჰორიზონტი სიმძლავრით 20 – 40 სმ, თიხნარი, მკვრივი, ბელტოვანი ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგები განსხვავდება ყვითელმიწებისა და წითელმიწებისაგან მკვეთრად დეფერენცირებული პროფილით, რკინის კონკრეციების მომატებული შემცველობით და ხშირ შემთხვევაში პროფილის ქვედა ნაწილში ორშტეინის არსებობით. ყვითელმიწა ეწერლებიანი ნიადაგებიდან კი გამოსახავენ სუსტი გალებება და კონკრეციების ნაკლები შემცველობა.
ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგები იყოფა ორ ქვეტიპად: ტიპურ და სუსტად არამაძღარი.
ტ ი პ უ რ ი ყ ვ ი თ ე ლ მ ი წ ა-ე წ ე რ ი ნიადაგები ვითარდება ტიპის არეალის ყველაზე ტენიან ნაწილში. მათი მორფოლოგია და ძირითადი თვისებები შეესაბამება ტიპურ დახასიათებას, ს უ ს ტ ა დ ა რ ა მ ა ძ ღ ა რ ი ყ ვ ი თ ე ლ მ ი წ ა-ე წ ე რ ი ნიადაგები ძირითადად გავრცელებულია ტიპის არეალის შედარებით მშრალ ნაწილში. ამ ნიადგების ილუვიური ჰორიზონტები გამოირჩევა მოყავისფრო შეფერილობით. მათ ახასიათებთ სუსტი მჟავე რეაქცია, დაბალი არამაძღრობის ხარისხი (20% - ზე ნაკლები). ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების ქვეტიპში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, კონტაქტურ-ლებიანი, ქვამრგვალებიანი, კონკრეციული, ორტშტეინური. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ვითარდება ერთგვაროვან თიხნარ და თიხა ნიადაგწარმომქმნელ ქანებზე და ყველაზე სრულად აქვს წარმოდგენილი ცალკეულ ქვეტიპის თვისებები. კონტაქტურ-ლებიანი - ფორმირდება არაერთგვაროვანი მექანიკური შედგენილობის ნიდაგწარმომქმნელ ქანებზე; ამ ნიადაგების პროფილში მკაფიოდაა გამოხატული გალებებული ჰორიზონტები, რაც დაკავშირებულია ქანების მექანიკური შედგენილობის ცვლილებასთან. ქ ვ ა მ რ გ ვ ა ლ ე ბ ი ა ნ ი - წარმოიქმნება თიხნარებისა და თიხებზე, რომლებიც 1მ - მდე იცვლება ქვამრგვალებით. კ ო ნ კ რ ე ც ი უ ლ ი - შეიცავს პროფილის ერთ ან რამდენიმე ჰორიზონტში ნიადაგის საერთო მასიდან კონკრეციებს 20 - დან - 50% - მდე. ო რ ტ შ ტ ე ი ნ უ რ ი - ხასიათდება ნიადაგის პროფილში სხვადასხვა სიღრმეზე ორშტეინის შრის არსებობით. ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგები იყოფა სახეობად გაეწერებული ჰორიზონტის ქვედა საზღვრის სიღრმის მიხედვით: წვრილ გაეწერებული (25 სმ-მდე), არაღრმად გაეწერებული (25-50 სმ), ორმაგ გაეწერებული (50 სმ-ის ქვემოთ). ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის აკრისოლების ჯგუფს. მათ გააჩნიათ არჯიკ ჰორიზონტი, მჟავე რეაქცია, დაბალი შთანთქმის ტევადობა. ნიადაგებში გამოვლენილია დიაგნოსტიკური კვალიფიკატორები სტაგნიკი და ჰიპერფერიკი.