ყომრალი ნიადაგების დამახასიათებელია პროფილის მეტნაკლებად მონოტონური ყომრალი შეფერილობა და შუა ნაწილში მეტამორფული, გათიხებული ქოროზონტი. ყომრალები ხასიათდებიან სუსტად მჟავე რეაქციით, რკინის მოძრავი ფორმები მაღალი შემცველობით. ნიადაგები ზომიერად ჰუმუსიანი და ღრმად ჰუმუსირებულია, ჰუმუსის ტიპი ფულვატორია. ნიადაგები სუსტად ან საშუალოდ არამაძღარია. გაცვლითი კატიონებში მკვეთრად ჭარბობს კალციუმი. შთანთქმული კატიონების ჯამი საშუალოა. ყომრალი ნიადაგები მექანიკური შედგენილობით უმეტესად მიეკუთვნებიან საშუალო და მსუბუქ, იშვიათად მძიმე თიხნარებს. მინერალური ნაწილი ფორმირდება სიალიტური ტიპის გამოფიტვით. თიხამინერალები წარმოდგენილია ჰიდროქარსებით, მონტმორილონიტის შერეულშრიანი წარმონაქმნით, ქლორიტითა და კაოლინიტით. ყომრალი ნიადაგების ძირითადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: ჰუმუსის დაგროვება, გათიხება, ლესივირება. საქართველოში ყომრალი ნიადაგების არეალი შეადგენს მთელი ტერიტორიის 18,1 % (1 329 000 ჰა). ეს ნიადაგები გავრცელებულია აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს დიდ ნაწილზე. დასავლეთ საქართველოში ისინი მოქცეულია ზღვის დონიდან 800(900) – 1800(2000) მ - ის სიმაღლის ფარგლებში. განსაკუთრებით დაწვრილებით ეს ნიადაგები შეისწავლა თ. ურუშაძემ (1987), რომელმაც პირველმა გამოიყენა კვლევის ახალი მეთოდები და მოგვცა საკმაოდ სრული დახასიათება. ყომრალი ნიადაგები უმეტესად ფერდობებზეა განვითარებული, რაც განაპირობებს აუცილებელ, თავისუფალ დრენაჟს. დენუდაციის მოვლენები აღინიშნება როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური მიმართულებით. რელიეფის ფორმირება, ძირითადად, წყლოვანი დენუდაციის მოვლენებითაა გამოწვეულია. ეროზიისა და დენუდაციის პროცესების შედეგად ალაგ-ალაგ პენეპლენირების მოვლენებსაც აქვს ადგილი. დასავლეთ საქართველოს გეოლოგიურ შენებაში წამყვანი როლი ეკუთვნის ქვიშნარებსა და თიხაფიქლებს, მერგელებს, კონგლომერატებს და სხვ. ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში ჭარბობენ გრანიტები, გნეისები, ქვიშნარები, ფიქლები და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთა-ტყის ზონის ფარგლებში გეოლოგიურ შენებაში მონაწილეობენ ქვიშნარები, თიხაფიქლები და კირქვა-თიხიანი ფიქლები. ვულკანური წარმონაქმნები ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ყომრალი ნიადაგები ვითარდებიან წიფლნარების, მუქწიწვიანების, ფიჭვნარების, თიხნარებისა და სხვა ტყეების ქვეშ. წიფლნარები ფართობით პირველ ადგილს იკავებენ და წარმოადგენენ მცენარეულობის ძირითად ტიპს. ისინი ქმნიან ცალკე ბუნებრივ ზონას ზღვის დონიდან 1000 – 1100 მ- დან 2000 – 2100 მ-მდე. ეს ზონა არ არის მესხეთ-ჯავახეთში. დასავლეთ საქართველოს 1400 – 1500 მ-ის ზემოთ წიფლნარებს ცვლიან მუქწიწვიანი ტყეები. მუხნარები წარმოდგენილია მუხის რამდენიმე სახეობით, რომელთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ქართული მუხა. ის ქმნის ტყის მასივებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 400 (500) მ-დან 1000 – 1100 მ - მდე. კლიმატი თბილი და ზომიერად ტენიანია. ივლისის ტემპერატურა შეადგენს 16,8 – 21,8⁰ C, იანვრის კი - 2,1 – 7,6⁰C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 3,8 – 10,9⁰C. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს თვეებში, ხოლო მაქსიმუმი - მაის ივნისში. დატენიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია, რაც განაპირობებს ნიადაგების ტენის ჩამრეცხ რეჟიმს. ყომრალი ნიადაგების პროფილს აქვს შემდეგი შენება: Ao – A – Bm – BC – C. Ao – ფოთლების, წიწვებისა და მერქნიანი ნარჩენების ჩამონაცვენიდან შემდგარი მკვდარი საფარი საერთო სიმძლავრით 0,5 - დან 5 სმ-მდე. A - ყომრალი ან რუხი-ყომრალი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საერთო სიმძლავრის 10 – 15 (20) სმ, ბევრია ფესვები, ზოგჯერ გვხვდება წვრილი ხირხატი, ფხვიერი, კოშტოვანი ან კოშტოვან-მარცვლოვანი, თიხნარი. Bm - ყომრალი ან ყავისფერ-ყომრალი მეტამორფული (ან ილუვიურ-მეტამორფული) ჰორიზონტი, თიხნარი, ზოგჯერ გამკვრივებული, კოშტოვან-კაკლოვანი ან მარცვლოვან-კაკლოვანი, საკმაოდ ხშირად შეირჩევა ხირხატი, რომელიც სიღრმით ელუვიონ-დელუვიონით იცვლება. BC - ქანისკენ გარდამავალი ჰორიზონტი. B - დედაქანი, რომელიც წარმოდგენილია თიხნარ-ქვიშიან- ხრეშიანი ელუვიონით, მკვრივი ქანების და იშვიათად წვრილმიწა ქანების ელუვიონ-დელუვიოთ. C - დედაქანი, რომელიც წარმოდგენილია თიხნარ-ქვიან-ხრეშიან ელუვიონით, მკვრივი ქანების და იშვიათად წვრილმიწა ქანის ელუვიონ - დელუვიონით. ყომრალი ნიადაგები განსხვავდებიან მთა-მდელოს ნიადგებიდან (რომლების ფორმირდებიან სუბალპური სარტყლის უფრო ცივ პირობებში) ყომრალი შეფერილობით, უკეთესი გასტრუქტურებით, ნაკლები სიფხვიერით, ხირხატიანიბით, მეტი სიმძლავრით, ჰუმუსის შედარებით ნაკლები რაოდენობით, დაბალი არამაძღარი ფორმების ნაკლები შემცველობით. ყომრალი ნიადაგები განსხვავდებიან ყვითელ-ყომრალებისაგან (რომლებიც ფორმირდებიან უფრო თბილ და ტენიან პირობებში) ყომრალი შეფერილობით, კარგად გამოხატული მკვდარი საფარით, უკეთესი გასტრუქტურებით, ნაკლებად ღრმა გამოფიტვით, კაჟმიწის მეტი და ერთნახევარი ჟანგეულების ნაკლები რაოდენობით, ნაკლები მჟავიანობით და ჰუმუსირებით, უფრო მეტი შთანთქმის ტევადობით, რკინის სხვადასხვა ფორმის დაბალი შემცველობით. ყომრალი ნიადაგები განსხვავდებიან ყავისფერი ნიადაგებისაგან (რომლებიც ფორმირდებიან უფრო თბილ და ტენიან პირობებში) ყომრალი შეფერილობით, ილუვიურ-კარბონატული ჰორიზონტის და ნიადაგური პროფილის შუა ნაწილში მკვეთრი გათიხების უქონლობით, სუსტად მჟავე ან მჟავე რეაქციით და შთანთქმული კომპლექსის ფუძეებით არამაძღრობით. ყომრალი ნიადაგები იყოფა რამდენიმე ქვეტიპად: სუსტად არამაძღარი, მჟავე, გაეწერებული (ცრუგაეწერებული), რენძინო-ყომრალი. ს უ ს ტ ა დ ა რ ა მ ა ძ ღ ა რ ი ყ ო მ რ ა ლ ი ნიადაგები ხასიათდებიან პროფილში მექანიკური ფრაქციების უმნიშვნელოდ არაერთგვაროვანი განაწილებით, სუსტად მჟავე რეაქციით, ჰუმუსის საშუალო შემცველობით, ღრმად ჰუმუსირებით, მაძღრობით და სუსტი არამაძღრობით, თითქმის ყველა ჟანგეულის თანაბარი განაწილებით, ჰუმუსის ფულვატური ტიპით, ჰუმინების მომატებული შემცველობით. ყ ო მ რ ა ლ ი მ ჟ ა ვ ე ნიადაგები - განსხვავდებიან ყომრალი სუსტად არამაძღარი ნიდაგებისაგან მთელი პროფილის მჟავე რეაქციით, არამაძღრობით, შთანთქმის ნაკლები ტევადობით, სიღრმეში ჰუმუსის თანდათანობით შემცირებით, ჰუმინების ნაკლები შემცველობით. გ ა ე წ ე რ ე ბ უ ლ ი (ცრუგაეწერებული) ნიადაგები ხასიათდებიან პროფილის მკვეთრი დიფერენციაციით მექანიკური შედგებილობის მიხედვით, სიღრმეში მჟავიანობის უმნიშვნელო ჟანგეულების თანაბარი განაწილებით. რკინის მოძრავი ფორმების გადაადგილებით და ლესივირებულ ჰორიზონტში მათი მინიმალური შემცველობით, სადაც პერიოდულად მიმდინარეობს ჟანგვა-აღდგენითი პირობების შეცვლა, ხდება რკინის ნაწილობრივი გამოყოფა წვრილ კონკრეციების სახით, რაც აპირობებს ამ ჰორიზონტის გარკვეულ გაუფერულებას. რ ე ნ ძ ი ნ ო-ყ ო მ რ ა ლ ი ნიადაგები გარდამავალი ნიადაგებია კორდიან-კარბონატულ და ყომრალ ნიადაგებს შორის. ეს ნიადაგები ხასიათდებიან დიფერენცირებული პროფილით, ზედა ჰორიზონტის სუსტად ტუტე და ქვედა ჰორიზონტის სუსტი ტუტე რეაქციით, ჰუმუსის ზომიერი შემცველობით, სიღრმეში მისი მკვეთრი შემცირებით და ღრმა ჰუმუსირებით, ჰუმუსის ფუვატური ბუნებით, მაღალი გაცვლითი უნარიანობით, პროფილის ზედა ნაწილში კარბონატების გამოტუტვით. ყომრალი ნიდაგების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, ნარჩენ-მაძღარი, ფერალიტიზირებული - მეორად -კორდიანი, ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ფორმირდებიან მკვრივი დანალექი, მეტამორფული, მაგმური ქანების ელუვიონსა და ელუვიო-დელუვიონზე, აგრეთცე წვრილმიწა ნაფენებზე. ამ გვარს გააჩნია ყომრალი ნიადაგების ქვეტიპების ყველა ნიშანი და თვისება. ნ ა რ ჩ ე ნ-მ ა ძ ღ ა რ ი - ვითარდებიან, ძირითადად, მაგმური ქანების ელუვიონსა და ელუვიო-დელუვიონზე. ეს ნიადაგები გამოირჩევიან პროფილის ზედა ნაწილის სუსტად მჟავე რეაქციით და სიღრმეში მჟავიანობის თანდათანობითი შემცირებით, ფუძე ებით მნიშვნელოვანი მაძღრობით, კარგად გამოხატული წვრილმარცვლოვანი ან კოშტოვან-მარცვლოვანი სტრუქტურით, შედარებით მუქი ყავისფერ-ყომრალ შეფერილობით და ერთნახევარი ჟანგეულების უფრო მაღალი შემცველობით. ფ ე რ ა ლ ი ტ ი ზ ი რ ე ბ უ ლ ი - ფორმირდებიან ძველი, წითელი ფერის ელუვიურ და დელუვიურ ნაფენებზე. მათთვის დამახასიათებელია პროფილის მოწითალო ან მოწითალო-ყომრალი შეფერვა, პროფილის ზედა ნაწილის სუსტად მჟავე რეაქცია, ხოლო ქვედა ნაწილის მჟავე რეაქცია, შთანთქმის დაბალი ტევადობა, ფუძეებით შესამჩნევი არამაძღრობა და ერთნახევარი ჟანგეულების მომატე ბული შემცველობა. მ ე ო რ ა დ -კ ო რ დ ი ა ნ ი ფორმირდებიან მეორადი მდელოების, გამეჩხერებული ტყეების ქვეშ და ტყეკაფებზე. ნიადაგები გამოირჩევიან კარგად გამოხატული კორდიანი ჰორიზონტით, რომელსაც ახასიათებს საკმაოდ სიმძლავრე და კოშტოვან-მარცვლოვანი სტრუქტურა. ყომრალი ნიადაგები იყოფიან სახეობად: ჰუმუსის შემცველობის მიხედვით - ბევრჰუმუსიანი (მეტი 10%, საშუალო ჰუმუსიანი (5 – 10%) და მცირეჰუმუსიანი (ნაკლები 5%). ეროზირების მიხედვით-სუსტად გადარეცხილი (ჰუმუსოვანი ან სახნავი ჰორიზონტი ნაწილობრივ გადარეცხილია), საშუალოდ გადარეცხილი (ჰუმუსოვანი ან სახნავი ჰორიზონტი მთლიანად გადარეცხილი), ძლიერად გადარეცხილია (B ჰორიზონტის ნაწილობრივ გადარეცხილია). ყომრალი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის კამბისოლების ჯგუფს, კამბიკ ჰორიზონტოს არსებობის გამო. ნიადაგებში ფიქსირდება მოლიჰუმიკი და ეუთრიკ დიაგნოსტიკური კვალიფიკატორები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.