L. (Elsinoe fawcettii Bitanc.& lenkins) ეს ავადმყოფობა მცენარის ყველა მწვანე ორგანოს დაავადებას იწვევს. ფოთლებზე, ყლორტებსა და ნაყოფებზე ის ამობურცული მეჭეჭების სახით ვლინდება, რომლებიც ზედაპირზე ყვითელი ან მოყვითალო-ვარდისფერია. მეჭეჭები ახალგაზრდა, მხოლოდ მოუმწიფებელ ორგანოებზე ვითარდება. ახალგაზრდა ფოთლებზე ჯერ ამობურცული ადგილები წარმოიქმნება. ამ დროს ფუძის მწვანე ფერი არ განსხვავდება ფოთლის ჯანმრთელი ნაწილისაგან. ქვედა მხრიდან მეჭეჭები ძაფისებურადაა ჩაღრმავებული. მათი ფერი იცვლება ციტრუსოვანთა სახეობასა და ავადმყოფობის განვითარების სტადიის მიხედვით. პირველად ყვითელი ფერი გადაკრავს, შემდეგ თანდათან იფარება ხავერდოვანი ფიფქით. მეჭეჭები ფოთლებსა და ნაყოფზე წარმოიქმნება ჯგუფებად, რომლებიც ხშირად ერთდება და ზედაპირზე ვითარდება კორპისებური მოზრდილი უფორმო წარმონაქმნები. ფოთლები ამ დროს დეფორმირდება და ხუჭუჭდება. ნაყოფების დაავადების სიმპტომები ფოთლების ანალოგიურია. მეჭეჭები ნაყოფის ირგვლივ გაბნეულად ან ჯგუფებად წარმოიქმნება. დაავადება პირველად გამოვლინდება ნაყოფებზე, როცა მისი ზომის ორ მესამედს მიაღწევს. ნაყოფი სიმწიფეში შესვლის პერიოდში არ ავადდება. დაავადების გამომწვევი დაავადების დროსაც სიმპტომები ისეთივე, როგორც ფოთლებსა და ნაყოფებზე. მეჭეჭები ღეროს მთელ სიგრძეზეა გაბნეული, ოღონდ ზომით უფრო პატარაა, ავადმყოფობა ძლიერ გავრცელებისას ტოტებსაც ახმობს. დაავადების გავრცელებას ხელს ქარი და წვიმა უწყობს. წვიმის წვეთებში მოხვედრილი სპორები ქარის საშუალებით გადაიტანება ერთი მცენარიდან მეორეზე. გარდა ამისა, წყლის წვეთი სპორას გაღივებისათვის აუცილებელი გარემოა. სპორების გადატანა ციტრუსებზე გავრცელებულ მავნე მწერებსაც შეუძლიათ. ავადმყოფობის გავრცელებაში ტემპერატურასაც აქვს მნიშვნელობა, რადგან სპორების გაღივება შედარებით დაბალ ტემპერატურაზე ხდება. მცენარეთა გამძლეობის მიხედვით ლიმონი და ფორთოხალი უფრო გამოირჩევა, ვიდრე მანდარინი და გრეიფუტი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.