ეს დაავადება აზიანებს ბარდას პარკს, ფოთლებსა და ღეროებს; ყველგან ერთი და იგივე ფერის ლაქებს აჩენს; ბაცი ყავისფერია; ფორმით ფოთლებზე მომრგვალო სახისაა, ხოლო ღეროზე და ყუნწზე - მოგრძო, პარკებზე კი მრგვალია და ჩაღრმავებული; ისეთ ოარებს აჩენს, როგორც ლობიოს ანთრაქნოზი, ხოლო გარშემო შემოვლებული აქვს მუქი, წამოწეული არშია. ასეთი ლაქები ჩნდება მაშინ, როდესაც მცენარის ახალგაზრდა ორგანოები ავადდებიან. თუ დავადება მომწიფებულ ან ნახევრად შემოსულ ორგანოებს გაუჩნდა, მაშინ ჩნდება არა ლაქები, არამედ სოკო თანაბრად ვრცელდება მთელ ორგანოზე და გაფანტულად ვითარდებიან პიკნიდიუმები. ის პარკის კედელს შლის და გადადის თესლის ტყავზე, სადაც ბაც ყვითელ ლაქებს აჩენს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.