აავადებს ძირხვენებს, როგორც ნაკვეთებზე, ისე შენახვის დროსაც. ნაკვეთებზე ჭარხლის დაავადება მუდამ ძირხვენების მხრიდან იწყება, რაც გავლენას ახდენს მცენარის საერთო მდგომარეობაზე: ჭარხლის ქვემოთა ფოთლები ყვითლდებიან, შემდეგ სიყვითლე ზედა ფოთლებზე გადადის და საბოლოოდ, მცენარის ზედა ნაწილი მთლიანად ყვითლდება. ნიადაგში დარჩენილი ძირხვენა ლპობას განაგრძობს. ძირხვენის ზედაპირზე ჯერ მონაცრისფერო-ლურჯი ლაქები ჩნდება. ამ ლაქებში ბაქტიერები მრავლად არიან დასახლებული და ძირხვენის ქსოვილების დაშლას იწვევენ. თავდაპირველად ბაქტერიები უჯრედშორისა და უჯრედშორის ნივთიერებებს შლიან. ძირხვენის განაკვეთი ამ დროს რომ გაისინჯოს, გამტარი ჭურჭლების გამუქება შეიმჩნევა. გამუქებული ადგილებიდან წებოსებრი ნივთიერება გამოდის, რომელიც ჰაერის მოხვედრის შემდეგ თანდათან მუქდება - ალბათ ჟანგბადის გავლენით. საბოლოოდ სიდამპლე სულ ცოტა ხანში მთელ ძირხვენას უვლის და იმას მთლიანად ალპობს. ხშირად ბაქტერიოზი შენახვის დროსაც იჩენს თავს. აქ ავადმყოფობის სრული სურათის აღდგენა ძნელი ხდება, რადგან ბევრი სხვა ორგანიზმი ტანამგზავრობს და ავადმყოფობის ნამდვილი სურათი ირღვევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.