ეს მავნებელი მნიშვნელოვნადაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, დაბლობ ზონაში. მას დიდი ზიანი მოაქვს გაზაფხულის ნათესებისათვის, ნაკლებად საშემოდგომო ხორბლისათვის, რომელიც მავნებლის აქტიური ფაზისათვის უკვე საკმაოდ მოძლიერებულია. ზიანი მოაქვს ხოჭოს და მატლს, ეს უკანასკნელი ფოთლებით, ზედა მხრიდან იკვებება. დაზიანების შედეგად ფოთლებზე განიერი და ბაცი ფერის ზოლები ჩნდება, ფოთოლი ყვითლდება და ხმება. ხოჭოები ფოთლებში ამოჭრიან ხვრელებს. ძირითადად ზიანდება შვრია, ქერი და გაზაფხულის ხორბლის მაგარი ჯიშები. ხოჭო ლითონისებრ მომწვანო-ლურჯი ფერისაა, წინა ზურგი და ფეხები მოყვითალო–მოწითალო აქვს, ულვაშები-შავი, სიგრძე - 4-4.5 მმ, მატლს წურბელას ფორმა აქვს, დაფარულია მურა ფერის ლორწოთი. მავნებელს ერთწლიანი გენერაცია აქვს; იზამთრებს ჭუპრიდან ახალ გამოჩეკილი ხოჭო ნიადაგში, ჭუპრის აკვანში. ადრე გაზაფხულზე ხოჭოები ზევით ამოდიან და კვებას იწყებენ. კვერცხი თავთავიან მარცვლოვანთა ფოთლებზე ძეწკვისებურად, მთავარი ძარღვის გასწვრივ იდება (3–7 კვერცხი მწკრივში). ემბრიონალური განვითარება 10–12 დღე გრძელდება. მატლი 2–3 კვირის განმავლობაში იკვებება, ივნისის დასაწყისში ვარდება ნიადაგზე და ჩადის სიღრმეში, სადაც ჭუპრდება აკვანში. გამოჩეკილი ხოჭო იქვე იზამთრებს. ბრძოლის ღონისძიებები: თესლბრუნვა, მაგარი ხორბლის ნაცვლად რბილი ხორბლის თესვა, რომელიც შედარებით გამძლეა მავნებლის მიმართ კონტაქტური ფოსფორორგანული და პირეტროიდული პრეპარატების შესხურება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.