L. (Erisiphe graminis DC. f. sp. Tritici March.) ხორბლის ნაცარი საქართველოში ყველგან გვხვდება, უფრო მეტად კი – მაღალმთიან ადგილებში. გარდა ხორბლისა, აავადებს ქერს, შვრიას და სხვ. სოკო უმთავრესად ფოთლებს აავადებს, რომლებზედაც დასაწყისში პატარა ლაქების სახით ჩნდება მონაცრისფრო ფიფქი, რომელიც თანდათან ძლიერდება და ზოგჯერ ფოთლის ფირფიტას მთლიანად ფარავს სქელი ნაცრისფერი ქეჩისებრი მიცელიუმი, რომელიც დასაწყისში კონიდიათმტარებისაგან შედგება, შემდეგ კი შავი წერტილების სახით ჩნდება ჩანთიანი სტადია. ის, თუ როგორია დაავადების განვითარების ციკლი – ერთწლიანი თუ მრავალწლიანი, აგრეთვე მცენარეზე ნაყოფიანობის წარმოქმნის სხვადასხვა დრო – დამოკიდებულია ნაცროვანი სოკოების სპეციალიზაციაზე. დაავა დების გავრცელება ძირითადად კონიდიოსპორებით ხდება, იშვიათად ასკოსპორებით. დაავადების გავრცელების კარგ პირობებად ითვლება: ხშირი ნათესები, გაზაფხულის გვიანი ნათესები, შემოდგომის ნათესებისათვის კი საპირისპიროდაა – ადრეული დათესილი უფრო ავადდება. ზედმეტი აზოტოვანი სასუქები ხელს უწყობს დაავადების გამოჩენას. დაავადების საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა ცვალებადია გარემო ტემპერატურასთან დაკავშირებით. მცენარე განვითარების ყველა ფაზაში ავადდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.