თავთავიანებს უამრავი ნაირჭამია მავნებელი აზიანებს: კალიები და კუტიკალიები, ჭრიჭინები, ღრაჭები, ტკაცუნები, ხვატრები, თაგვისებრი მღრღნელები – ჩვეულებრივი მემინდვრია, ტყის თაგვი, რუხი ვირთაგვა, ბრუცა. თავთავიანების სპეციალიზებული მავნებლებიდან: მარცვლოვანთა ბუგრები, კუსებური ბაღლინჯოები, ხორბლის თრიფსი, პურის ბზუალა, პურის ხოჭოები, ჭია წურბელა, ხოჭო-რწყილები, ჩვეულებრივი და ნაცრისფერი ხვატრები, ხერხიები, ბუზები – ჰესენის, შვედური, მწვანეთვალა და სხვა. მავნებლებთან ბრძოლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციულ ღონისძიებებს: თესლბრუნვების დაცვას, სხვადასხვა თავთავიანი კულტურების სივრცულ იზოლაციას, მოსავლის დროულად და შემჭიდროებულ ვადებში აღებას. ნაწვერალის გაწმენდას ნამჯისა და სხვა ნარჩენებისაგან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.