L. (Ragnhildiana levieri (Magnus) Vassiljevsky) ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა: იწვევს ფოთლებისა და ყლორტების დასენიანებას, როგორც ზრდასრულ, ისე ახალგაზრდა მცენარეებზე სანერგის პირობებში. აღინიშნება ნაყოფების დაავადებაც, თუმცა ეს უკანასკნელი ბუნებაში იშვიათად გვხვდება. ფოთლებზე ხურმის ქეცი მრგვალი ფორმის მუქი ყავისფერი ან მოშავო ფერის ლაქების სახით ვლინდება, რომლებიც გარშემორტყმულია ყავისფერი ან შავი ფერის არშიით. ლაქები უმეტესად წვრილია. ხშირ შემთხვევაში ფოთლის ფირფიტა მთლიანადაა დაფარული. ამ დროს ფოთლები სწრაფად ჭკნება და ცვივა. ყლორტებზე განვითარებული ლაქები გარეგნული ნიშნებით დიდად არ განსხვავდება ფოთლებზე განვითარებული ლაქებისაგან. განსხვავება მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ყლორტზე განვითარებუკლი ლაქები უფრო მოგრძოა, იფარება შავი ხავერდოვანი ფიფქით და არშიითაა შემოვლებული. ქეცით დაავადებული ყლორტები ზრდას აჩერებს, ხშირად კი ლაქების ზევით ხმება. ნაყოფები ძირითადად სიმწიფის პერიოდში ავადდება. დაავადება შავი ფერის ლაქების სახით ვლინდება, ზედაპირული განვითარებით ხასიათდება და კანის დამახასიათებელ აქერცვლას იწვევს. ქეცის გამომწვევი სოკოს ნაყოფიანობა ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეზე გამოვლინებულ ლაქებზე ვითარდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.