ორგანიზმის მიერ მისი ჰაბიტატის ტრანსფორმირება. გარემოს ფორმირების ფუნქციაა გარემოს ფიზიკური და ქიმიური პარამეტრების გარდაქმნა. ფართო გაგებით, ამ ფუნქციის შედეგია მთელი ბუნებრივი გარემო. ცოცხალი ნივთიერება გარდაქმნის გარემოს ფიზიკურ და ქიმიურ პარამეტრებს ორგანიზმების არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებში. ამაში გამოიხატება ცოცხალი ნივთიერების კიდევ ერთი მთავარი ფუნქცია - გარემოს ფორმირების. მაგალითად, ტყეები არეგულირებს ზედაპირულ ჩამონადენებს, ზრდიან ჰაერის ტენიანობას და ამდიდრებს ატმოსფეროს ჟანგბადით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარემოს ფორმირების ფუნქცია ზემოთ განხილული ცოცხალი ნივთიერების ყველა ფუნქციის ერთობლივი შედეგია: ენერგეტიკული ფუნქცია უზრუნველყოფს ენერგიით ბიოლოგიური ციკლის ყველა კვანძს (ფოტოსინთეზის დროს მცენარეები ასრულებენ გაზის ფუნქციას: ისინი იწოვენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს); დესტრუქციული და კონცენტრაციული კი, ხელს უწყობენ გაფანტული მაგრამ ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტების მოპოვებას ბუნებრივი გარემოდან და მათ დაგროვებას. ცოცხალი ნივთიერების გარემოს ფორმირების ფუნქციებმა შექმნა და ინარჩუნებს მატერიის და ენერგიის ბალანსს ბიოსფეროში, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის არსებობის პირობების სტაბილურობას. ამავდროულად, ცოცხალ ნივთიერებას შეუძლია აღადგინოს ჰაბიტატის პირობები, რომლებიც დაირღვა ბუნებრივი კატასტროფების ან ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად. ცოცხალი ნივთიერების მიერ არსებობის ხელსაყრელი პირობების აღდგენის უნარი გამოიხატება ფრანგი ფიზიკოს - ქიმიკოსის ლე შატელიეს (ფრ.Henri Louis Le Chatelier, 1850 - 1936) პრინციპით, რომელიც თერმოდინამიკური წონასწორობის სფეროდან არის ნასესხები. ის ამტკიცებს, რომ სისტემაში ნებისმიერი ცვლადის ცვლილება გარე შეშფოთებების საპასუხოდ წარმოებული შეშფოთებების კომპენსაციის მიმართულებით ხდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.