გეოგრაფიული გარსი, ლანდშაფტის გარსი, ეპიგეოსფერო, დედამიწის გარსი, რომელშიც ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო შედის კონტაქტში და ურთიერთქმედებს. ხასიათდება რთული შემადგენლობითა და აგებულებით. გეოგრაფიული გარსის ზედა საზღვრის გავლება სტრატოპაუზის გასწვრივ არის მიზანშე-წონილი, რადგან ამ ზღვრამდე ატმოსფერულ პროცესებზე დედამიწის ზედაპირის თერმული ეფექტი მოქმედებს;გეოგრაფიული გარსის საზღვარს ლითოსფეროში ხშირად ჰიპერგენეზის რეგიონის ქვედა ზღვარს უკავშირებენ (ზოგჯერ გეოგრაფიული გარსის ქვედა საზღვრად ღებულობენ: სტრატისფეროს ძირს, სეისმური ან ვულკანური კერების საშუალო სიღრმეს, დედამიწის ქერქის ძირს და ნულოვანი წლიური ტემპერატურის ამპლიტუდების დონეს). ამრიგად, გეოგრაფიული გარსი მთლიანად ფარავს ჰიდროსფეროს, ეშვება ოკეანეში 10-11 კილომეტრით დედამიწის ზედაპირიდან, დედამიწის ქერქის ზედა ზონას და ატმოსფეროს ქვედა ნაწილს (ფენა 25-30 კმ სისქით). გეოგრაფიული გარსის უდიდესი სისქე 40 კმ-ს უახლოვდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.