ეკოლოგია აქტუალური გახდა ბუნებრივ გარემოზე ადამიანის გავლენის და მისი მზარდი დაბინძურების გამო. გარემოს დაცვა არის ბუნებრივი რესურსების უსაფრთხო გამოყენების ღონისძიებათა სისტემა. იგი მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების განახლებადი ნაწილის რაციონალური გამოყენების, შენარჩუნებისა და გაძლიერების უზრუნველყოფას, წარსულში დარღვეული ეკოსისტემების გაუმჯობესებას, ბუნებრივი გარემოს კომპონენტებზე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედების თავიდან აცილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესები და ბუნების მომხმარებლის მიერ დადგენილ ნორმებთან, წესებთან და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. გარემოს დაცვის ზემოაღნიშნული მთავარი ამოცანის გადაწყვეტა წარმოუდგენელია სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლის ეფექტური სისტემის გარეშე, რომელიც განხორციელდება ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ღრმა ანალიზისა და მასში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, იმისთვის რომ ობიექტურად შეფასდეს არსებული გარემოსდაცვითი მდგომარეობა და იწინასწარმეტყველოს მისი შესაძლო ცვლილებები მომავალში, შემუშავდეს და განხორციელდეს შესაბამისი ზომები უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ამ ღონისძიებებს შორის პრიორიტეტული ადგილი უკავია, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის დანერგვით, ეკონომიკის სექტორებში სახიფათო ინდუსტრიების მაქსიმალური ეკოლოგიზაციის განხორციელებას სამეცნიერო - ტექნოლოგიური პროგრესის ფართო გამოყენების გზით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ან გამორიცხავს უარყოფით გავლენას ბუნებრივ ეკოსისტემებზე (ანუ ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი გარემოს მიერ წარმოქმნილ ერთიან ბუნებრივ კომპლექსზე). ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ ეკოლოგია და გარემოს დაცვა მჭიდრო კავშირშია, თუმცა ისინი არ არიან ერთმანეთის იდენტური. თითოეული მათგანი წყვეტს ეკოლოგიის პრობლემებს თავისი თანდაყოლილი მეთოდებით, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,