(ეკოლოგიური კანონები) – სხვადასხვა ავტორის მიერ ჩამოყალიბებულ ეკოლოგიის კანონებს შორის ყველაზე ცნობილია ამერიკელი ეკოლოგ ბიოლოგის ბარი კომონერის (Barry Commoner, 1917-2012) ოთხი კანონი - აფორიზმი (1974): „ყველაფერი დაკავშირებულია ყველაფერთან“ (ბუნების საგნებისა და ფენომენების უნივერსალური კავშირის კანონი); „ყველაფერი სადღაც უნდა წავიდეს“ (მატერიის მასის შენახვის კანონი); „უფასოდ არაფერი არ მიეცემა“ (განვითარების ფასის შესახებ); „ბუნებამ უკეთ იცის“ (ევოლუციური შერჩევის მთავარი კრიტერიუმის შესახებ). შემზღუდველი (მალიმიტირებელი) ფაქტორის კანონი ან ლიბიგის (გერმ.Justus von Liebig, 1803 1873) მინიმუმის კანონი (ჩამოყალიბებულია გერმანელი ქიმიკოსის იუსტუს ფონ ლიბიგის მიერ 1840 წელს) - ეკოლოგიაში ერთ - ერთი ფუნდამენტური კანონია, რომელიც მეტყველებს,რომ ორგანიზმის (ან ეკოსისტემის) გადასარჩენად უმნიშვნელოვანესია ის ეკოლოგიური ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად შორდება თავის ოპტიმალურ მნიშვნელობას, ან გადაიხრება მისგან. ამიტომ ეკოლოგიური პირობების პროგნოზირებისას ან ექსპერტიზის ჩატარებისას ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზმის სიცოცხლის სუსტი რგოლის დადგენა. მოგვიანებით, 1913 წელს, კანონი განზოგადდა და იქნა შევსებული ამერიკელი ეკოლოგ - ზოოლოგის შელფორდის (ინგლ. Shelford Victor Ernest, 1877 - 1968) მიერ ("ტოლერანტობის კანონი"). ოპტიმუმის კანონი: ეს კანონი, ფაქტობრივად, აგრძელებს ტოლერანტობის კანონს და ამტკიცებს, რომ ეკოლოგიაში ნებისმიერ ფაქტორს აქვს გარკვეული საზღვრები, რომლის ფარგლებშიც ეს ფაქტორი დადებითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე. ამ საზღვრებს მიღმა - ფაქტორის გავლენა უარყოფითი ხდება. ამასთან, ფაქტორების მინიმალურ და მაქსიმალურ მნიშვნელობებს ეწოდება გამძლეობის ლიმიტები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,