(ძველი ბერძნული οἶκος - ადგილსამყოფელი + σφαῖρα - სფერო) - პლანეტარული სივრცე, რომელშიც მიმდინარეობს თანამედროვე გლობალური ეკოლოგიური პროცესები, ურთიერთქმედება თანამედროვე ბიოსფეროსა და ტექნოსფეროს შორის. დედამიწის ეკოლოგიური გარსი, მისი თვისებების მთლიანობა როგორც პლანეტის, რომელიც ქმნის პირობებს ბიოლოგიური სისტემების განვითარებისთვის. შემადგენელ სფეროებს, რომლებიც წარმოადგენს ეკოსფეროს მნიშვნელოვან ნაწილს, პირველადი შემადგენელი სფეროები ეწოდება. მაგალითად, დედამიწის ეკოსფერო შედგება ხუთი ძირითადი შემადგენელი სფეროსგან, ესენია გეოსფერო, ჰიდროსფერო, ბიოსფერო, ატმოსფერო და მაგნიტოსფერო. ჰარმონიული, ჰოლისტიკური დოქტრინა "ეკოსფეროს", როგორც "სიცოცხლის არეალისშესახებ ეკუთვნის რუს ნატურალისტს, გეოლოგს, გეოქიმიკოსს და ფილოსოფოსს, აკადემიკოს ვ.ი. ვერნადსკის (ინგლ. Vernadsky Vladimir Ivanovich, 1863 - 1945). მისი განმარტებით, "ეკოსფერო" არის დედამიწის ერთ-ერთი გეოლოგიური გარსი, დედამიწის გლობალური სისტემა, რომელშიც გეოქიმიური და ენერგეტიკული გარდაქმნები ყველა ცოცხალი ორგანიზმის - ცოცხალი მატერიის მთლიანი აქტივობით განისაზღვრება. ვ.ი. ვერნადსკიმ "ეკოსფეროში" გამოყო სამი ძირითადი კომპონენტი : ცოცხალი მატერია - ცოცხალი ორგანიზმების სრული მთლიანობა; - მინერალური ნივთიერებები, ბიოინერტული ნივთიერება, რომელიც ცოცხალი მატერიის დახმარებით შედის ბიოგენურ ციკლში; - ცოცხალი მატერიის სასიცოცხლო აქტივობის პროდუქტები, ბიოგენური ნივთიერება, რომელიც შეიძლება დროებით არ მონაწილეობდეს ბიოგენურ ციკლში. ბიოსფეროსგან განსხვავებით, ეკოსფეროს კონცეფცია მოიცავს იმ გარემოს მდგომარეობის აღწერას, რომელშიც ბიოლოგიური სისტემებია განლაგებული, ისევე როგორც ის ადგილები, სადაც ცოცხალი ორგანიზმები შეიძლება იყვნენ (მათ შორის, მათი ბუნებრივი ჰაბიტატის საზღვრების გარეთ).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.