(1863 - 1945) - რუსი მინერალოგი და კრისტალოგრაფი. XIXXX საუკუნეების ცნობილი ბუნებისმეტყველი და მოაზროვნე. ვლადიმერ ვერნადსკი გეოქიმიის, ბიოგეოქიმიის, რადიოგეოლოგიისა და ბიოსფეროს მოძღვრების ფუძემდებელია. ვლადიმერ ვერნადსკიმ წამოაყენა უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული პრობლემები: ალუმინსილიკატების აგებულებისა, იშვიათი და გაფანტული ელემენტების გეოქიმიური, რადიოაქტიური ელემენტების ძებნისა, ორგანიზმების როლის შესახებ გეოქიმიურ პროცესებში, ქანების აბსოლუტური ასაკის განსაზღვრისა და სხვა. მასვე ეკუთვნის მინერალების წარმოშობის ახალი ევოლუციური თეორია (გენეტიკური მინერალოგია). ვერნადსკის წარმოდგენა პარაგენეზისზე და იზომორფულ რიგებზე საფუძვლად დაედო სასარგებლო წიაღისეულის ძებნის ერთ-ერთ მეთოდს. იკვლევდა ასევე დედამიწის ქერქის, ოკეანისა და ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობას. 1910 წლიდან ვერნადსკი აწარმოებდა რადიოაქტიური მინერალების საბადოების ძებნასა და ქიმიურად იკვლევდა მათში რადიუმისა და ურანის შემცველობას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.