(ლათინური virus - შხამი) – 20–300 ნანომეტრის (10−9 მ) ზომის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი გააჩნიათ. არსებობს ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს უჯრედოვანი აგებულება. ამ არსებებს ვირუსები ეწოდება და ისინი სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს მიეკუთვნებიან. ვირუსები არც მცენარეებს მიეკუთვნება და არც ცხოველებს. ისინი უმცირესი ზომის არსებები არიან. ამიტომ მათი შესწავლა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით. ვირუსების ერთ - ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მათ სიცოცხლე და გამრავლება შეუძლიათ მხოლოდ სხვა, ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში. როდესაც ვირუსები ჩასახლდებიან ცხოველების, მცენარეების და ბაქტერიების უჯრედებში, იწვევენ მრავალ საშიშ დაავადებას, ამიტომ ისინი განიხილებიან როგორც უჯრედის პარაზიტები. ადამიანის ვირუსულ დაავადებებს განეკუთვნებიან: წითელა, გრიპი, სურდო, შიდსი, პოლიომიელიტი, ყვავილი, ჰეპატიტი, ჩუტყვავილა, ყბაყურა და ასე შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024