გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელმაც გლობალურ მასშტაბში განამტკიცა ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები, რომლებიც ჭეშმარიტი ჰუმანიზმისა და დემოკრატიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ პიროვნების ზოგად სოციალურ - ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტატუსს. ის გაეროს წესდების განვითარებისა და დაზუსტების ნაწილს წარმოადგენს. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში პირველად მან განსაზღვრა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სპექტრი, რომელიც ექვემდებარება საყოველთაო დაცვას. მოიცავს პრეამბულასა და 30 მუხლს. აცხადებს ყველა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობას, განურჩევლად რასისა, ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა რწმენის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონების, წოდების ან სხვა მდგომარეობისა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათი სტატუსის მიუხედავად. საუბარია პირად (სამოქალაქო) და პოლიტიკურ უფლებებზე სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, პირად თავისუფლებაზე ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე, ქვეყნიდან გასვლაზე და შემოსვლაზე, საკუთარი აზრის ქონის თავისუფლებაზე, სინდისსა და რელიგიაზე, მშვიდობიან შეკრებებზე და გაერთიანებებზე, საკუთარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობაზე და ა.შ. (მუხლები 3–21). გარდა ამისა, ექვსი მუხლი (22–27) გამოხატავს კონკრეტულ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ (სულიერ) უფლებებს და თავისუფლებებს, მათ შორისაა უფლებები: საკუთრებაზე დასვენებაზე შრომაზე და სამუშაოს თავისუფალ არჩევაზე, მეწარმეობაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, დასვენებაზე, ცხოვრების ღირსეულ დონეზე, განათლებაზე, მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში და ასე შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.