(ლათ. аdaptatio–შეგუება) - 1) ორგანიზმთა ცხოვრების პირობებთან შეგუების პროცესი და შედეგი; 2) ორგანიზმების, შენობების, ნაგებობების, სისტემების, ხელსაწყოების ფუნქციონირების გარკვეულ პირობებთან შეწყობა. მედიცინაში შეჩვევის პროცესსაც აღნიშნავს. ფიზიოლოგიური ცვლილებების გაჩენა ინდივიდში, რომელიც ექვემდებარება შეცვლილ პირობებს; მაგალითად, მზის შუქზე კანის გარუჯვა, ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის გაზრდა მაღალ სიმაღლეზე. ახალ ან შეცვლილ გარემო პირობებთან შეგუება გენოტიპის (ბუნებრივი გადარჩევის) ან ფენოტიპის ცვლილებებით.განსაზღვრავენ რიგ თაობათა შორის მიმდინარე და სახეობათა წარმოქმნის პროცესთან დაკავშირებულ სახეობათა (გენოტიპურ) ადაპტაციას და ცალკეული ორგანიზმის განვითარების ინდივიდუალურ საზღვრებში მიმდინარე და მის გენოტიპის ხელმყოფ ინდივიდუალურ (ფენოტიპურ) ადაპტაციას, ანუ აკლიმაციას. ადაპტაციის შედეგად ორგანიზმების ეკოლოგიური ჯგუფები წარმოიქმნებიან, მაგალითად: სინოტივის მოყვარული – ჰიდროფიტები და სიმშრალის ამტანი ქსეროფიტები; დაჩრდილვის მიმართ მდგრადი და ნორმალური განვითარებისათვის სრული მზის სინათლის მომთხოვნი მცენარეები; ტყეებისა და ჭაობების მობინადრე, ღამის ცხოვრების წესით მცხოვრები ცხოველები. ადაპტაციით აიხსნება სხვადასხვა ეკოლოგიური პირობების ეკოსისტემების ბიოტის განსხვავებული შედგენილობა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.