ეკოსისტემის უნარი შეინარჩუნოს სტრუქტურა და ფუნქციური მახასიათებლები გარე ფაქტორების ზემოქმედებისას. ამ შემთხვევაში, ეკოსისტემის რეაქციები ზემოქმედების ძალის სიდიდის პროპორციულია. ეკოლოგიურ ლიტერატურაში ტერმინი "ეკოლოგიური მდგრადობა" გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით: 1. ეკოსისტემის შესაძლებლობა გარე ზემოქმედების პირობებში გარკვეული დროით შეინარჩუნოს საწყისი მდგომარეობა - სისტემის ინერტულობა (რეზისტენტული სტაბილურობა, ბუფერული დაცვა); 2. ეკოსისტემის წონასწორობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობა, შიდა კავშირების შენარჩუნებით - სისტემის პლასტიურობა; 3. ეკოსისტემის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების უნარი დროებითი გარე ზემოქმედების შემდეგ - სისტემის აღდგენითი უნარიანობა (ელასტიური სტაბილურობა, ელასტიურობა). პირველი ორი ცნება განიმარტება, როგორც ადაპტაციური მდგრადობა, მესამე - როგორც რეგენერაციული (სტრუქტურათა აღდგენის პროცესები). თუ ეკოსისტემის ესა თუ ის ფუნქცია გარე აღმშფოთველის ზემოქმედების შედეგად გადაიხრება "ნორმიდან", ამ გადახრის ხარისხი აჩვენებს სისტემის ფარდობით სტაბილურობას, ხოლო "ნორმის" აღდგენისათვის საჭირო დრო - მის ფარდობით ელასტიურობაზე მეტყველებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.