კოსმოსური საშუალებებით ტერიტორიის მდგომარეობისა და მიმდინარე ცვლილებების რეგულარული დაკვირვებისა და კონტროლის სისტემა, მასზე მიმდინარე პროცესების ანალიზი და ტენდენციების დროული იდენტიფიცირება. სატელიტურ სურათებზე, რომლებიც მიიღება ოპერატიულ რეჟიმში, დაიკვირვება შემდეგი ობიექტები: ტყის მასივები და ხანძრები, სასოფლო სამეურნეო მიწები კულტურებით, საძოვრები, ნიადაგის ღია ზედაპირები, დასახლებები და ინდუსტრიული ზონები, გზები, წყლის ობიექტები, თოვლი და ყინულის საფარი, ღრუბლის საფარი. დედამიწის დისტანციური ზონდირების მეთოდები შესაძლებელს ხდის ჩამოთვლილ ობიექტებზე დროში და სივრცეში მომხდარი ცვლილებების გაანალიზებას და კატასტროფული ცვლილებების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხდება ამ ობიექტებზე ავარიების, კატასტროფების და სტიქიური უბედურებების შედეგად და ამ ინფორმაციის საფუძველზე პრობლემების გადაჭრას ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. აღსანიშნავია, რომ შეუძლებელია ტექნოგენური ავარიების და კატასტროფების დარეგისტრირება კოსმოსური მონიტორინგის მეთოდებით, თუ ისინი არ იწვევენ ტერიტორიულ დაბინძურებას ან ძლიერ ხანძარს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.