ან ავტოტროფული ორგანიზმები (ძვ.- ბერძ. αὐτός - თვითონ და τροφή - საკვები) – ორგანიზმები, რომლებიც არაორგანული ნივთიერებებიდან (როგორც წესი, ნახშირბადის დიოქსიდიდან და წყლიდან) ასინთეზებენ სიცოცხლისათვის აუცილებელ ორგანულ ნივთიერებებს, რისთვისაც ფოტოსინთეზის (მცენარეები) ან ქემოსინთეზის (ბაქტერიები) ენერგიას იყენებენ. ესენი ეკოსისტემის პროდუცენტები (წარმომქმნელები) არიან, რომლებიც პირველად ბიოლოგიურ პროდუქციას ქმნიან (პროდუცენტებს მიეკუთვნებიან: წყალმცენარეები,ციანობაქტერიები, მცენარეები). ავტოტროფული ორგანიზმებია ყველა უმაღლესი მცენარე. ავტოტროფული ორგანიზმების როლი ბუნებაში დიდია - ისინი ქმნიან სიცოცხლისათვის აუცილებელ ყველა ორგანულ ნივთიერებას. ავტოტროფები შეადგენენ პირველ სართულს კვების პირამიდაში (კვების ჯაჭვის პირველი რგოლები). ისინი წარმოადგენენ ბიოსფეროში ორგანული ნივთიერებების პირველად მწარმოებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰეტეროტროფების საკვებს. ავტოტროფული ორგანიზმები თავიანთი სხეულების ასაშენებლად იყენებენ არაორგანულ ნივთიერებებს ნიადაგიდან, წყლიდან და ჰაერიდან. ამასთან, ნახშირორჟანგი თითქმის ყოველთვის ნახშირბადის წყაროა.ამავე დროს, ზოგი მათგანი (ფოტოტროფები) მზისგან იღებს საჭირო ენერგიას, სხვები (ქემოტროფები) - არაორგანული ნაერთების ქიმიური რეაქციებისგან. ორგანული სამყაროს ევოლუციის თვალსაზრისით, ავტოტროფების გამოჩენა შეიძლება ასოცირებული იყოს აბიოგენური სინთეზის ეტაპზე შექმნილი ორგანული ნივთიერებების მარაგების ამოწურვასთან. ორგანიზმები, რომლებმაც მიიღეს ენერგიის ათვისების უნარი სხვა წყაროდან, გარდა ორგანული ნივთიერებებისა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,