დედამიწის ქერქის ზედა, ფხვიერი ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების ბიოსფეროს, ჰავის, რელიეფის და ხნოვანების ერთობლივი მოქმედების შედეგად. წარმოდგენა ნიადაგზე, როგორც დამოუკიდებელ ბუნებრივ სხეულზე, რომელიც განსხვავდება ნიადაგთწარმომქმნელი დედაქანისაგან, შეიქმნა XIX საუკუნის. 80-იან წლებში ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებლის რუსი გეოლოგისა და ნიადაგმცოდნეს, მინერალოგიისა და კრისტალოგრაფიის პროფესორის ვასილი დოკუჩაევის (Vasily Vasilyevich Dokuchaev, 1846 - 1903) მიერ. ნიადაგის არსებით თვისებად მისი ნაყოფიერება წარმოადგენს, რაც გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით. ნიადაგი სასოფლო - სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებაა. ნიადაგთწარმოქმნის ძირითადი ფაქტორებია დედაქანი, ბიოსფერო, ჰავა, რელიეფი, ხნოვანება და ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება. ნიადაგი შედგება მკვრივი, თხიერი, აიროვანი და ცოცხალი ნაწილებისაგან. სხვადასხვა ნიადაგში და ერთსა და იმავე ნიადაგის სხვადასხვა ჰორიზონტში ამ ნაწილების რაოდენობა და თანაფარდობა განსხვავებულია. ნიადაგის შემადგენელი ნაწილაკების ზომასა და თანაფარდობაზე წარმოდგენას გვაძლევს მექანიკური (გრანულომეტრიული) შედგენილობა. ყველაზე მეტად იყენებენ გრანულომეტრული შედგენილობის მიხედვით ნიადაგის კლასიფიკაციას, რომელიც საბჭოთა მეცნიერ ნიადაგმცოდნე, პროფესორ ნ. კაჩინსკის (Nikodim Antonovich Kachinsky,1894-1976) ეკუთვნის. მას უახლოვდება საქართველოს ნიადაგების მექანიკური ფრაქციების საფუძველზე შედგენილი კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციის თანახმად განარჩევენ მძიმე და საშუალო თიხიან, მძიმე, საშუალო და მსუბუქ თიხნარ, ქვიშიან და ქვიშნარი შედგენილობის ნიადაგებს
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024