(ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარება/ჟანგბადის ქიმიური მოხმარება) შეფარდების კოეფიციენტი - ჟბმ-სა და ჟქმ-ს შორის თანაფარდობიდან გამომდინარე, შეიძლება მსჯელობა ჩამდინარე წყლების შემადგენლობისა და გაწმენდის ყველაზე სასურველი მეთოდის შესახებ. მაგალითად, ამ პარამეტრებს შორის მცირე განსხვავება მიუთითებს ჩამდინარე წყლების ვარგისიანობაზე ბიოლოგიური მეთოდებით გასაწმენდად. ეს აიხსნება იმით, რომ რაც უფრო მეტი დამაბინძურებელი ნაერთებია ჩამდინარე წყლებში, რომლებიც მგრძნობიარეა ბიოლოგიური დაჟანგვის მიმართ, მით უფრო მაღალია ჟბმ მნიშვნელობები. ამასთან, თუ ჟქმ მნიშვნელოვნად აღემატება ჟბმ-ს, ეს მიუთითებს ჩამდინარე წყლებში მდგრადი ორგანული ნაერთების არსებობაზე, რომლებიც არ ექვემდებარება ბიოქიმიურ ურთიერთქმედებებს და ასევე, რომ ჩამდინარე წყლები მაღალი ალბათობით წარმოიქმნება წარმოების პროცესების შედეგად. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ფიზიკური და ქიმიური გაწმენდის მეთოდების გამოყენება. ჟბმ/ჟქმ თანაფარდობის ოპტიმალური დიაპაზონი მერყეობს 0.4 - 0.5-დან 0.7 - 0.75-მდე. ბიოლოგიური დამუშავების სტადიის შემდეგ ჟბმ/ჟქმ თანაფარდობა მცირდება 0.1-0.2-მდე, ვინაიდან ბიოქიმიური დაჟანგვის შედეგად ორგანული ნივთიერებები პრაქტიკულად წყვეტენ ჩამდინარე წყალში არსებობას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024