ატმოსფერული რადიაცია - ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადი მზესა და დედამიწის ზედაპირს შორის. მასზე გავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროში არსებული ღრუბლები, აეროზოლები და გაზები. მასში შედის როგორც მზის რადიაცია (მზის სხივების ნაკადი) ასევე გრძელტალღიანი (თერმული) რადიაცია. რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას მზის რადიაციის რაოდენობაზე, რომელიც აღწევს დედამიწის ზედაპირს და რადიაციის რაოდენობაზე, რომელიც გადის დედამიწის ატმოსფეროდან. ეს ფაქტორები მოიცავს ატმოსფერულ ელემენტებს, როგორიცაა ღრუბლის წვეთები, ტენიანობა, ტემპერატურა, ატმოსფერული აირები, აეროზოლის ნაწილაკები და მიწის და ოკეანისზედაპირების მახასიათებლებსაც კი. ატმოსფერული რადიაცია ძალზე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგან ის გავლენას ახდენს როგორც ამინდზე (მაგალითად, მიწის ზედაპირის გათბობა მზის სხივებით იწვევს კონვექციური ღრუბლების წარმოქმნას), ისე კლიმატზე (მაგალითად, ატმოსფერული აეროზოლების, ღრუბლების ან გაზების მიერ არეკლილი ან შთანთქმული რადიაციის რაოდენობის გრძელვადიან ცვლილებებს შეუძლია შეცვალოს დედამიწის ტემპერატურა და ნალექის რეჟიმი). რადიაციული ზემოქმედება იზომება, როგორც საშუალო წმინდა გამოსხივების ცვლილება ტროპოსფეროს ზედა ნაწილში (ვატებში კვადრატულ მეტრზე) და დამოკიდებულია ტალღის სიგრძეზე, რომელშიც აირი შთანთქავს გამოსხივებას, მოლეკულაზე მოსული შთანთქმის სიძლიერეზე და აირის კონცენტრაციაზე. მზის ენერგიის ნაკადის ერთეული SI სისტემაში არის ვატი კვადრატულ მეტრზე (ვტ/მ2 ). დედამიწიდან მზემდე საშუალო მანძილით - 150 მილიონი კილომეტრი - მზის მუდმივი მოიცავს ყველა სახის მზის გამოსხივებას და არა მხოლოდ ხილულ სინათლეს. ექსტრაატმოსფერული გაზომვების მიხედვით, მზის მუდმივი საშუალოდ უდრის 1367 ვტ/მ2 . მზის მუდმივი არ არის მუდმივი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში. ცნობილია, რომ მის მნიშვნელობაზე გავლენას ახდენს ორი ძირითადი ფაქტორი: მანძილი დედამიწასა და მზეს შორის, რომელიც იცვლება მთელი წლის განმავლობაში დედამიწის ორბიტის ელიფტიურობის გამო (წლიური ცვალებადობა 6,9% - იანვრის დასაწყისში 1.412 კვტ/მ²-დან. ივლისის დასაწყისში 1.321 კვტ/მ²-მდე).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024