დედამიწაზე არსებული ბუნებრივი და ტექნოგენური წყაროების რადიოაქტიური გამოსხივება, რომლის პირობებში ადამიანი მუდმივად იმყოფება. შეუძლებელია რადიოაქტიური დასხივების თავიდან აცილება. დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა და ვითარდება მუდმივი დასხივების პირობებში. დედამიწის რადიაციული ფონი შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: კოსმოსური გამოსხივება; გამოსხივება ბუნებრივი რადიონუკლიდებისგან, რომლებიც მდებარეობენ დედამიწის ქერქში, ჰაერში და გარემოს სხვა ობიექტებში; ხელოვნური (ტექნოგენური) რადიონუკლიდების გამოსხივება. დასხივება შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი: - გარე დასხივება გამოწვეულია ადამიანის სხეულის გარეთ მდებარე წყაროებით (კოსმოსური გამოსხივება, მიწისზედა ზწყაროები); - შინაგანი დასხივება ადამიანის სხეულში მყოფი რადიონუკლიდებით ხორციელდება. ჩვენს გარშემო ბუნებაში მრავალი რადიოაქტიური იზოტოპია. აქედან გამომდინარეობს, რომ პლანეტის ნებისმიერ წერტილში ყოველთვის იქნება გარკვეული რადიოაქტიური ფონი, რომელიც ბუნებრივი რადიონუკლიდების დაშლით არის განპირობებული და ეს სავსებით ნორმალურია. ის დროთა განმავლობაში იცვლება და ჩვენი პლანეტის არსებობის 4.5 მილიარდ წელზე მეტი ხნისგანმავლობაში დაახლოებით 10-ჯერ შემცირდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024