(ლათინური. reduco - «ვაბრუნებ, აღვადგენ») - დესტრუქტორები, მიკროკონსუმენტები, ჰეტეროტროფული ორგანიზმები, რომლებიც თავიანთი სასიცოცხლო აქტივობის დროს გარდაქმნიან ორგანულ ნარჩენებს არაორგანულ ნივთიერებებად (წყალი, CO2, H2S, N2 და მარილები), რაც უზრუნველყოფს მათში შემავალი ელემენტების დაბრუნებას ნივთიერებათა მიმოქცევაში. რედუცენტები - ეს ძირითადად ბაქტერიები და სოკოებია, თუმცა, პრინციპში, ყველა ცხოველი (ჩვეულებრივ მომხმარებლად ჩათვლილი) ასევე რედუცენტებად გვევლინებიან. რედუცენტების წყალობით ფოტოსინთეზის პროცესში მოხმარებული ნახშირორჟანგის უმეტესობა ბრუნდება ატმოსფეროში, ხოლო ორგანული ნივთიერებების ანაერობული დაშლის დროს, მაღალი ტენიანობის პირობებში, წარმოიქმნება მეთანი. გარდა ამისა, რედუცენტების აქტივობის წყალობით, რთული ორგანული ნივთიერებებისგან გამოიყოფა აზოტი და ფოსფორი მარტივი (მცენარეთა მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი) ნაერთების სახით. რედუცენტები -ეკოსისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მათი აქტიურობის ჩახშობა ნივთიერებათა მიმოქცევაში სერიოზულ რღვევებს იწვევს. აგროეკოსისტემებში პესტიციდების ზედმეტად მაღალი დოზებით რედუცენტების ჩახშობა მცენარეთა ნარჩენების დაშლის შენელებას იწვევს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას. ედუცენტები შლიან ორგანულ ნივთიერებებს გამწმენდ ნაგებობებში ბიოლოგიური გაწმენდის სტადიაზე. რედუცენტები შეიძლება ამებების და სხვა უმარტივესების საკვებად იქცეს და მონაწილეობდნენ დეტრიტულ საკვებ ჯაჭვებში. ნიადაგს ბიოსფეროს რედუვენტულ რგოლს უწოდებენ, რადგან სწორედ მასშია კონცენტრირებული რედუცენტების უმეტესი ნაწილი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024