ან რისკ - ანალიზი (ინგლისური. risk analysis) - არის ცალკეული პიროვნებისთვის, მოსახლეობის ჯგუფის, ობიექტების, ბუნებრივი გარემოსა და სხვა განსახილველი ობიექტებისთვის საფრთხის იდენტიფიკაციისა და რისკის შეფასების პროცესი. იგი მოიცავს ყველა შესაძლო ინფორმაციის გამოყენებას საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის (გამოსავლენად) და წინასწარ განსაზღვრული მოვლენის რისკის შესაფასებლად (ავარიები და მათთან დაკავშირებული სიტუაციები). რისკისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების შემუშავებისას, მეტად დაჟინებული ყურადღება ეთმობა სისტემურ მიდგომას რისკის მაჩვენებლებზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის აღრიცხვასა და შესწავლას, რასაც რისკის ანალიზი ეწოდება. საფრთხის ქვეშ იგულისხმება პოტენციური ზარალის ან ზიანის წყარო, ან სიტუაცია ზარალის მიყენების შესაძლებლობით, ხოლო საფრთხის იდენტიფიკაცია - საფრთხის არსებობის გამოვლენის და გაცნობიერების პროცესი და მისი მახასიათებლების განსაზღვრა. აშშ - ში ტერმინ„რისკის ანალიზი“-ს ნაცვლად გამოიყენება "საშიშროების ანალიზი" (process hazard analysis), რომელსაც პრაქტიკულად იგივე ნიშვნელობა გააჩნია. რისკის ანალიზი მეტწილად სუბიექტური პროცესია, რომლის მსვლელობაში მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ რაოდენობრივი ინდიკატორები, არამედ ინდიკატორებიც, რომელთა ფორმალიზება შეუძლებელია, როგორიცაა სხვადასხვა სოციალური დაჯგუფებების პოზიციები და მოსაზრებები, კომპრომისული გადაწყვეტილებების შესაძლებლობა, ექსპერტული შეფასებები და ასე.შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024