(ფრანგული.- დან situation - მდგომარეობა) - ავარიის, საშიში ბუნებრივი ფენომენის, კატასტროფის, სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევის შედეგად გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში შექმნილი მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი, მისი ჯანმრთელობის ან ბუნებრივი გარემოს დაზიანება, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები და ადამიანთა ცხოველმოქმედების პირობების რღვევა. საგანგებო სიტუაციებს განასხვავებენ: წყაროს ბუნებით (ბუნებრივი, ტექნოგენური, ბიოლოგიურ -სოციალური, სამხედრო) და მასშტაბებით (ლოკალური, ადგილობრივი, ტერიტორიული, რეგიონული, ქვეყნისა და ტრანსსასაზღვრო). საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებით. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მაგალითად, 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო იქნა ინფორმირებული, რომ უცნობი წარმოშობის პნევმონიის შემთხვევები გამოვლინდა ჩინეთში, უხანში. 2020 წლის 7 იანვარს, ქვეყნის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ დაავადების გამომწვევი აგენტია ახალი კორონავირუსი, რომელსაც დროებით დაარქვეს "2019-nCoV". შემდგომში, ამ ახალი ვირუსით გამოწვეულ დაავადებას დაარქვეს "COVID-19". ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 30 იანვარს ახალი კორონავირუსის აფეთქება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარგში საერთაშორისო მნიშვნელობის, საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა. ეს არის WHO - ს მიერ მინიჭებული ყველაზე მაღალი რისკის რეიტინგი. 2020 წლის 11 მარტს, შემთხვევათა რაოდენობის სწრაფი ზრდის შედეგად, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ COVID-19 – ის გავრცელება შეიძლება შეფასდეს როგორც პანდემია. 2020 წლის მარტის შუა რიცხვებისათვის ჯანმო-ს ევროპის რეგიონი პანდემიის ეპიცენტრი გახდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024