1. სახეობათა რაოდენობა მოცემულ ოჯახში ან მოცემულ რეგიონში; მოცემულ ჰაბიტატში მრავალფეროვნებას α - მრავალფეროვნებას უწოდებენ, ხოლო, მოცემული რეგიონის საზღვრების ყველა ჰაბიტატში მობინადრე სახეობათა ჯამს β - მრავალფეროვნებას უწოდებენ. 2. ერთი ტროფიკული ჯგუფის, საზოგადოების ან ეკოსისტემის სახეობათა საერთო რაოდენობა, რომელიც განსაზღვრავს ეკოლოგიური დუბლირების შესაძლებლობას ენერგიის ნაკადის დინებაში ეკოლოგიური პირამიდის რგოლების გავლით. სახეობათა მრავალფეროვნების მაჩვენებლად მიღებულია თანაფარდობა სახეობათა რაოდენობასა და მათი ხვედრითი მნიშვნელობის მაჩვენებლებს შორის (რაოდენობა, ბიომასა, პროდუქტიულობა და ა.შ.) ან სახეობათა რიცხვის შეფარდება ერთეულ ფართობთან. სახეობათა მრავალფეროვნება განისაზღვრება ამერიკელი ინჟინერი, კრიპტოანალიტიკოსი და მათემატიკოსი კლოდ შენონის (ინგლისური. Claude Elwood Shannon, 1916 - 2001) განტოლების დახმარებით. სახეობათა სიმდიდრე და სახეობათა მრავალფეროვნება ბიომრავალფეროვნების ორი განსხვავებული მაჩვენებელია, რომლებიც გავლენას ახდენს და ხელს უწყობს ეკოსისტემის სტაბილურობას. სახეობის სიმდიდრე განისაზღვრება, როგორც სხვადასხვა სახეობის რაოდენობა მოცემულ მხარეში, რეგიონში ან კონკრეტულ ეკოსისტემაში. სახეობათა მრავალფეროვნება განისაზღრება, როგორც სახეობის მრავალფეროვნება მოცემულ მხარეში, რეგიონში ან კონკრეტულ ეკოსისტემაში. სახეობათა სიმდიდრესა და სახეობათა მრავალფეროვნებას შორის მთავარი განსხვავება იმაშია, რომ სახეობათა მრავალფეროვნებას ორი კომპონენტი აქვს, კერძოდ სახეობათა სიმდიდრე და სახეობათა თანაბრობა, ხოლო სახეობათა სიმდიდრე სახეობათა მრავალფეროვნების ნაწილია. სახეობების თანაბრობა ზომავს, თუ რამდენად თანაბრად არის წარმოდგენილი სახეობა ამ მხარეში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024