გარემოს ფიზიკური დაბინძურების ფორმა, რომელიც ხასიათდება მისი ტემპერატურის პერიოდული ან ხანგრძლივი ზრდით ბუნებრივი დონისგან განსხვავებით. სითბური დაბინძურების ძირითადი წყაროა, ადამიანის ტექნოგენური საქმიანობით გამოწვეული, სითბოს გამოყოფა ატმოსფეროში და წყლის რესურსებში, რაც, სათბურის გაზების გამოყოფასთან ერთად, გლობალური დათბობის ერთ - ერთ ფაქტორს წარმოადგენს. სითბური დაბინძურება არის სითბოს წყაროს თავზე სითბოს კუნძულებისა და ადგილობრივი (ხელოვნური) ტემპერატურის ინვერსიების შექმნის მიზეზი, რაც ატმოსფეროს მიკროცირკულაციის განვითარებას, მიკროკლიმატის ცვლილებასა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა გადატანის მექანიზმის მოქმედების გართულებას იწვევს. დიდი ქალაქების ცენტრებში გარემოში სითბოს გამოყოფა იწვევს პერიფერიებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურის მატებას 2 – 3 0C - ით. გარემოს თერმული დაბინძურების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა თბო და ბირთვული ლექტროსადგურები. სითბური დაბინძურების გლობალური ასპექტი ე.წ. „სათბურის ეფექტთან“ არის დაკავშირებული. სათბურის ეფექტი - ატმოსფეროში სათბურის გაზების დაგროვებით გამოწვეული, დედამიწის ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის ზრდაა. აღნიშნულის შედეგად, ჰაერის ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს და ეს იწვევს ისეთ შეუქცევად შედეგებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024