&
K R

ქა ქე ქვ ქი ქლ ქრ ქს ქუ ქც
ქიმ

ქიმიური დაბინძურება ნიადაგის

ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის ცვლილება, რომელიც წარმოიშვა მიწათსარგებლობის ფაქტორის (სამრეწველო, სასოფლო - სამეურნეო, მუნიციპალური) პირდაპირი ან ირიბი გავლენის ქვეშ, რაც იწვევს მისი ხარისხის დაქვეითებას და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ბუნების ირაციონალური მართვის შედეგად ნიადაგის ფენაში გროვდება საშიში ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ არა მარტო ნიადაგს, არამედ მასთან დაკავშირებულ ეკოსისტემებს - ატმოსფეროს, ბიოსფეროს, ჰიდროსფეროს. ნიადაგის ქიმიური დაბინძურების ძირითადი წყაროები: ამა თუ იმ ხარისხით, ნიადაგის დაბინძურება ხდება კაცობრიობის თითქმის ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. მაგრამ არსებობს მისი ქიმიური დაბინძურების ძირითადი წყაროები: დამაბინძურებელი ნივთიერებათა ატმოსფერული ტრანსპორტირება ქვეფენილ ზედაპირზე - მჟავე წვიმა; სამრეწველო საწარმოთა ემისიები ატმოსფეროში, ტოქსიკური ორთქლი ნაგავსაყრელებიდან და ნაგავპოლიგონებიდან (ბერძნ. polygōnos – მრავალკუთხა) - ეს ყველაფერი გროვდება ატმსფეროში და ეცემა მიწაზე დამაბინძურებელი ნალექების სახით; სოფლის მეურნეობა: ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად მასში შეჰყავთ მცენარეთა ზრდის სტიმულატორების, მინერალური და ორგანული სასუქების დიდი დოზები. მათი გადაჭარბებული რაოდენობა გროვდება მიწაში, რაც იწვევს საპირისპირო შედეგს - ნაყოფიერი თვისებების დაქვეითებას, მცენარეებში ტოქსიკური ნაერთების დაგროვებას. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ნიადაგში პესტიციდების (ჰერბიციდები, ინსექტიციდები და ფუნგიციდები) ნარჩენები. სამრეწველო საწარმოთა მუშაობა: ფარმაცევტული, ქიმიური, მეტალურგიული და სხვა კომბინატების ნარჩენები წარმოქმნიან აქტიურ ნაერთებს, რომლებიც ნიადაგში შედიან ჩამდინარე წყლების, ნარჩენების შესანახი და გასანადგურებელი ადგილების და წვის პროდუქტების მეშვეობით. ნავთობი და ნავთობპროდუქტები: ნავთობის მიწაში შეღწევა მნიშვნელოვნად ცვლის მის ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს, ძნელია მისი მოშორება იქიდან და ნიადაგის გაწმენდა ასეთი დაბინძურებისგან. ნიადაგის ქიმიური დაბინძურების შედეგად წარმოიქმნება შემდეგი პრობლემები, რომლებმაც შეიძლება კატასტროფის მასშტაბი შეიძინოს: 1. ნიადაგის ქიმიურ - ბიოლოგიური შემადგენლობის ცვლილება, მათი ნაყოფიერი თვისებების დაკარგვა; 2. დეგრადაცია ნიადაგთან შეხებაში არსებული გარემოს ობიექტების - წყლის ობიექტების, ატმოსფერული ჰაერის. როგორც შედეგი - პლანეტაზე სასმელი წყლის დეფიციტისა და შიმშილის პოტენციური საფრთხის არსებობა; 3. კვებითი ჯაჭვის გასწვრივ ნიადაგიდან ადა-მიანის ორგანიზმში მავნე ნაერთების მოხვედრა და დაგროვება; 4. ტოქსიკურმა ნივთიერებებმა ცხოველებსა და ადამიანებში შეიძლება დნმ - ის სტრუქტურის დარღვევა და მუტაციები გამოიწვიოს. დამცავი ზომები. ნიადაგის დასაცავად სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი ღონისძიებაა მიღებული, მაგრამ არსებობს მხოლოდ რამდენიმე ძირითადი პრინციპი: ნაგვისა და ნაგავსაყრელების სანიტარიული გაწმენდა; დაბინძურებული ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური დამუშავების გამოყენება. საწარმოო ობიექტების გადაყვანა სრული ციკლის უნარჩენო ტექნოლოგიებზე; მიწის გონივრული გამოყენება; კონტროლი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ეკოლოგიურ - სანიტარიული წესების დაცვაზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9