ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა არის ღონისძიებებისა და ზემოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაზე. ღონისძიებები მოიცავს ძეგლების შესწავლას, მათი ღირებულების შეფასებას, ოფიციალური სტატუსის მინიჭებას, რესტავრაციას და კონსერვაციას. ისტორიული ძეგლის ღირებულების უმაღლესი ხარისხი არის მისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანა. ისტორიული მემკვიდრეობის (პირველ რიგში ანტიკური) მიმართ ინტერესი გაჩნდა რენესანსის ეპოქაში. 1791 წელს საფრანგეთის რევოლუციის დროს საფრანგეთში ისტორიულკულტურული ძეგლები საჯარო საკუთრებად გამოცხადდა, 1795 წელს კი შეიქმნა ისტორიულკულტურული ძეგლების დაცვის სახელმწიფო სამსახური. 1830 წელს საფრანგეთში შეიქმნა ძეგლთა დაცვის გენერალური ინსპექცია. მე-19 საუკუნეში ხალხთა ეროვნული თვითშეგნების ზრდასთან ერთად ევროპის მრავალ ქვეყანაში გატარდა ღონისძიებები ისტორიულ - კულტურული ძეგლების დაცვის მიზნით. 1965 წელს შეიქმნა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დაცვის საერთაშორისო საბჭო (ICOMOS). 1972 წლის 16 ნოემბერს იუნესკოს გენერალური კონფერენციის მე-17 სესიაზე მიღებული იქნა კონვენცია მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1975 წლის 17 დეკემბერს. ძეგლთა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ასამბლეას (ICOMOS) მიერ 1982 წელს 18 აპრილი ძეგლთა და ისტორიული ადგილების დაცვის საერთაშორისო დღედ (International Day for Monuments and Sites) იქნა შემოთავაზებული, რაც იუნესკოს (UNESCO) გენერალურმა ასამბლეამ 1983 წელს დაამტკიცა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.