ჭაობი დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჭაობის მცენარეები ჰელოფიტები. ნიადაგგრუნტის მდგრადი დატენიანება ხელს უწყობს ტენის მოყვარული მცენარეულობის გავრცელებას. ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი-დაჭაობებული ტერიტორიებია. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნიან იმ მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ. 1971 წლის 2 თებერვალს ქ. რამსარში (ირანი) 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების“ (The Convention on Wetlands of International Importance, especially asWaterfowl Habitat) შესახებ. კონვენცია მთავრობათაშორისი შეთანხმებაა, რომელიც მიზნად ისახავს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვასა და მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. დღეისათვის იგი 138 ქვეყანას ითვლის. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. ამჟამად 1366-მდე წყალჭარბი ტერიტორია რამსარის ტერიტორიად, ე. წ. რამსარის საიტად არის გამოცხადებული, რომელთა საერთო ფართობი 119.6 მლნ. ჰექტარს აღემატება. ჭაობები გავრცელებულია ყველა კლიმატურ სარტყელში და და ყველა კონტინენტზე. მათში ჰიდროსფეროს მტკნარი წყალის მარაგის დაახლოებით 11.5 ათასი კუბ. კმ.-ია (0,03%) თავმოყრილია. ყველაზე მეტად ჭაობები გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ჭაობებს საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე განსაკუთრებით დიდი ფართობი – დაახლოებით 225 ათასზე ჰექტარზე მეტი უკავია. მცირე ჭაობები ასევე გავრცელებულია ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთშიც (ვაჩიანის, ავჭალის, ხანჩალის, მადათაფის, სულდისა და სხვ.) და საქართველოს სხვა რაიონებში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.