წყლის სიმღვრივე არის ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს წყლის გამჭვირვალობის შემცირებას არაორგანული და ორგანული წვრილდისპერსიული შეწონილი ნაწილაკების არსებობის და აგრეთვე პლანქტონური ორგანიზმების განვითარების გამო. წყლის სიმღვრივის მიზეზი შეიძლება იყოს ქვიშის, თიხის, არაორგანული ნაერთების (ალუმინის ჰიდროქსიდის, სხვადასხვა ლითონების კარბონატების), აგრეთვე ორგანული მინარევების ან ცოცხალი არსებების, როგორიცაა ბაქტერიები, ფიტო - ან ზოოპლანქტონი, არსებობა. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს რკინისა და მანგანუმის ნაერთების დაჟანგვა ატმოსფერული ჟანგბადით, რაც იწვევს კოლოიდების წარმოქმნას. წყლის სიმღვრივე მდინარეებში და წყალსაცავების სანაპირო რაიონებში იზრდება წვიმების, წყალდიდობისა და მყინვარების დნობისას. როგორც წესი, წყლის ობიექტებში სიმღვრივის დონე ყველაზე დაბალია ზამთარში, ყველაზე მაღალი კი, გაზაფხულზე და ზაფხულის წვიმების დროს არის. უნდა აღინიშნოს, რომ წყლის გამჭვირვალო-ბაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ სიმღვრივე, არამედ მისი ფერიც.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.