ინდივიდუალური და მთლიანად მოსახლეობის ჯანმრთელობის კრიტერიუმების შესაბამისობის რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებელი. ადამიანის ჯანმრთელობა განისაზღვრება ბიოლოგიური (მემკვიდრეობითი და შეძენილი) და სოციალური ფაქტორების კომპლექსით. ეს უკანასკნელი იმდენად მნიშვნელოვანია სულიერი და სოციალური კეთილდღეობის შენარჩუნების ან დაავადების აღმოცენებისა და განვითარებისათვის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების პრეამბულაში ჩაწერილია: -”ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ დაავადებების და ფიზიკური დეფექტების არარსებობა". მაგრამ, როგორც ხშირად ვაკვირდებით, ჯანმრთელობის ასეთი ფართო სოციოლოგიური განმარტება, გარკვეულწილად, სადავოა, ვინაიდან ადამიანის სოციალური სრულყოფა ყოველთვის არ ემთხვევა მის ბიოლოგიურ მდგომარეობას. ზოგადად, ჯანმრთელობის ცნება გარკვეულწილად პირობითია და ობიექტურად ყალიბდება ანთროპომეტრიული, კლინიკური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლების კომბინაციით, რომელიც განისაზღვრება სქესის, ასაკის ფაქტორების და ასევე კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.