ელექტრო ან თერმული ენერგიის მოპოვება მზის ენერგიის ხარჯზე, ალტერნატიული ენერგიის ერთ - ერთი ყველაზე პერსპექტიული სფერო. დღეისათვის ცნობილია უშუალოდ მზის ენერგიის გამოყენების სამი ძირითადი მიმართულება: 1. მზის ენერგიის პირდაპირი გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად (ფოტოელექტროგარდამქმნელები); 2. მზის ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნა (ცხელი წყლის მზის კოლექტორები); 3. მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა (თერმოდინამიური ციკლის საფუძველზე). მზის ენერგიის პირდაპირი გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად ხორციელდება ფოტოელექტრული გარდამქმნელების მეშვეობით (ფოტოვოლტაიკები) მათ მუშაობას საფუძვლად უდევს ფოტოეფექტის მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგიის აღნიშნული წყაროები ეკოლოგიურად სუფთა და ექსპლუატაციაში კომფორტულებია, ტექნიკური თვალსაზრისით მზის ენერგიის გამოყენება სასურველი და შესაძლებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთეული სიმძლავრის ფასი (5-7 დოლარი ვატზე) ჯერ კიდევ საგრძნობლად მაღალია. ასე, რომ ჯერჯერობით, მიუხედავად ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი წარმატებებისა, ეკონომიკურად მზის ელექტროენერგია ფართომასშტაბიანი პრაქტიკული გამოყენების მხრივ, ჩვენს რეალობაში ძვირად ღირებული ფუფუნებაა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.