ელექტროენერგიის მიღება წყლის მოძრაობის ენერგიის ხარჯზე. ჰიდროენერგიის მიღების ეკოლოგიური შედეგები არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, ატმოსფეროს დაბინძურება არ ხდება. მეორეს მხრივ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მოითხოვს უზარმაზარი ტერიტორიების გარიყვას, იქ არსებული ეკოსისტემების დაკარგვით და ჰიდრობიონტების სიცოცხლის შეფერხებით (მაგალითად, ენგურჰესის კასკადები). დაიკვირვება ჰიდროდინამიკის რღვევა,მდინარეები განიცდიან წყალმარჩხობას და სხვა. ჰესების წყალსაცავებში გროვდება ათასობით ტონა ნალექი, სადაც, ჩამდინარე წყლებთან ერთად მდინარეში მოხვედრილი, სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება იყრის თავს. ამის გამო, მაშინაც კი, როდესაც წყალსაცავი წყვეტს არსებობას, ტერიტორია აღარ არის შესაფერისი გამოსაყენებლად. გარდა ამისა, მთის მდინარეებზე ჰიდროელექტროსადგურების აგებისას, კატასტროფის საფრთხე არსებობს სეისმური არასტაბილურობის გამო. რაციონალურად უნდა იქნას აღიარებული მხოლოდ მცირე ჰეს-ების მშენებლობა (რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ კვტ-მდე) პატარა მდინარეებზე, ან ტექნიკის ახლად შემუშავებული მოწყობილობების გამოყენებით (თავისუფალი დინების ვარიანტი).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.