დედამიწის გაზის გარსი, რომელიც სხვადასხვა გაზის ნარევისგან შედგება და, დაახლოებით, 100 კმ ვრცელდება (ატმოსფეროს ზუსტი ზედა ზღვარი არ არსებობს), ის სიმძიმის ძალის მოქმედებითაა დაკავშირებული დედამიწასთან და მის ბრუნვაში ღებულობს მონაწილეობას. ატმოსფერო ბუნებრივ პირობებში მთლიანად 5.6‧ 1019ტ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც აირების, წყლის ორთქლის და სხვა აეროზოლური ნაწილაკებისაგან შედგება. მათი 98% დედამიწის ზედაპირიდან 30 კმ სიმაღლემდე მდებარეობს, ხოლო ატმოსფეროს მთელი მასისნახევარზე მეტს მისი ქვედა 5-6 კმ ფენა შეიცავს. ამ არეში აირები კარგადაა შერეული და ძირითადად აზოტისაგან (მშრალი ატმოსფეროს 78%), ჟანგბადისაგან (21%), არგონისაგან (0.94%) და ნახშირორჟანგისაგან (0.03 %) შედგება. ამასთან ერთად ის წყალბადს, ჰელიუმს და სხვა აირებს, წყლის ორთქლს, მტვრის ნაწილაკებს, რომელთა შედგენილობაში მეტალურ მიკრომინარევთა კონცენტრაცია 10-10 - 6‧ 10-5გ/მ3 ფარგლებში იცვლება, და მიკროორგანიზმებს შეიცავს ატმოსფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის. აირის ფენები დედამიწის ზედაპირზე არ უშვებს მეტეორიტებს, ოზონის ეკრანი იცავს გამოსხივებისაგან, ჟანგბადის გარეშე წარმოუდგენელია სუნთქვა და წვა. ნახშირორჟანგი სითბური ეკრანია, ის იკავებს დედამიწისგან გამოსხივებულ სითბოს და გამოიყენება მცენარეების მიერ ფოტოსინთეზისათვის. წყლის ორთქლი უზრუნველყოფს ნალექების წარმოშობას, მტვრის ნაწილაკები კი წარმოადგენს წყლის ორთქლის კონდენსაციის უმცირეს ბირთვებს. ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობის შედეგად ატმოსფეროში მიმდინარეობს ნეგატიური ცვლილებები – სათბური აირების მატება, ოზონის ფენის რღვევა და სხვ. ამას ბიოსფეროსთვის ნეგატიურ შედეგებამდე მივყევართ კლიმატის გლობალური დათბობა, მჟავე წვიმები და სხვა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.