აირისებრი გარსი, რომელიც გარს აკრავს ჩვენს პლანეტას დედამიწას, და ცნობილია როგორც ატმოსფერო, შედგება ხუთი ძირითადი ფენისგან. ეს ფენები სათავეს ღებულობენ პლანეტის ზედაპირზე, ზღვის დონიდან (ზოგჯერ უფრო ქვემოდან) და ამაღლდებიან კოსმოსურ სივრცემდე შემდეგი თანმიმდევრობით: ტროპოსფერო, სტრატოსფერო,მეზოსფერო, იონოსფერო (თერმოსფერო), ეგზოსფერო.ფენებად ასეთი დაყოფა მიღებულია სიმაღლეებზე ტემპერატურის ცვლილების მონაცემების საფუძველზე. ყველაზე დაბალ ფენას, სადაც ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის მატებასთან ერთად ეცემა, ტროპოსფერო ეწოდება. ტროპოსფეროს ზემოთ მდებარე ფენას, სადაც ტემპერატურის ვარდნა ჩერდება, იცვლება იზოთერმით და, საბოლოოდ, სადაც ტემპერატურა იწყებს მატებას, ეწოდება სტრატოსფერო. სტრატოსფეროს ზემოთ მდებარე ფენა, სადაც ტემპერატურა ისევ სწრაფად ეცემა, არის მეზოსფერო. ფენას, სადაც ტემპერატურის მატება კვლავ იწყება, იონოსფერო ან თერმოსფერო ეწოდება, და ბოლოს, ეგზოსფერო - დედამიწის ზედა ატმოსფეროს გარე ნაწილი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.