ადამიანის მოქმედებით წარმოქმნილ ატმოსფეროს ძირითად დამაბინძურებელ ნივთიერებებს ნახშირჟანგის, გოგირდისა და აზოტის ორჟანგის აირები და, აგრეთვე, ჰაერში დანაწევრებული მყარი ნაწილაკები ატმოსფერული მტვერი მიეკუთვნება. ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების ატმოსფერულ ჰაერში CO გამონაბოლქვების ძირითად წყაროდ მიჩნეულია ავტოტრანსპორტი, სამრეწველო საწარმოები და წვის სხვადასხვა პროცესები. ნახშირჟანგის გამონაბოლქვთა მთელი რაოდენობის 60% ტრანსპორტის ხარჯზე მოდის. გოგირდოვანი აირი - ეს ნივთიერება წარმოიქმნება ყველგან, სადაც მიმდინარეობს გოგირდის შემცველ ნივთიერებათა (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი და სხვა) წვის პროცესი. ატმოსფეროდან დედამიწის ზედაპირზე დალექვისას იგი იწვევს ნიადაგისა და ზედაპირული წყლების ამჟავებას, ხოლო ჩასუნთქვისას - ფილტვების ქსოვილების დაშლას. აზოტის ორჟანგს, რომელიც აგრეთვე წარმოიქმნება საწვავი მასალების წვისას, უნარი აქვს გამოიწვიოს მთელი რიგი დაავადებები, როგორიცაა ღრძილების ანთება, სისხლის შინაგანი ჩაქცევები, ემფიზემა და ფილტვების კიბო. კარგადაა ცნობილი, რომ ჰაერის დამაბინძურებელი მტვრის მინარევის ხანგრძლივი ჩასუნთქვა იწვევს ფილტვების დაავადებათა სხვადასხვა ფორმებს, მაგალითად: სილიკოზს, ასბესტოზს, ფილტვების კიბოს და სხვა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.