&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიოსფერო

(ძველი ბერძნული βιοςσφαῖρα; βιος - სიცოცხლე და σφαῖρα - სფერო) - დედამიწის თხელი ფენა, რომელიც შეიცავს ცოცხალ ორგანიზმთა მთელ კომპლექსს და პლანეტის ნივთიერების იმ ნაწილს, რომელიც ამ ორგანიზმებთან უწყვეტ ცვლაში იმყოფება. ცნება „ბიოსფერო“ მეცნიერებაში 1875 წელს ავსტრიელმა გეოლოგმა და საზოგადო მოღვაწემ ედუარდ ზიუსმა შემოიტანა (გერმანული: Eduard Suess, 1831- 1914) ხოლო მწყობრი სწავლება ბიოსფეროს შესახებ მხოლოდ მე–XX-ე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. მისი ავტორია რუსი მეცნიერი ვლადიმერ ვერნადსკი (რუსული.: Вернадский, Владимир Иванович, 1863 - 1945). ბიოსფერო მოიცავს ზედაპირულ ჰიდროსფეროს, აგრეთვე ლითოსფეროსა და ტროპოსფეროს ნაწილს, რომლებშიც მუდმივად ან დროებით სხვადასხვა ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს. ბიოსფეროს სისქე 40-50 კილომეტრს შეადგენს. ვ.ი.ვერნადსკის თანახმად, ბიოსფეროს შემადგენლობაში, ცოცხალი ნივთიერების გარდა (ფლორა, ფაუნა, მიკროორგანიზმები), ბიოგენური ნივთიერება (ცოცხალი ორგანიზმების პროდუქტები), ბიოინერტული ნივთიერება (მთის დაშლისა და დანალექი ქანების ცოცხალი ნივთიერებებით დამუშავების პროდუქტები) და ინერტული ნივთიერება (არაორგანული წარმოშობის მთის ქანები), წყალი და გაზები. ბიოსფეროში ცოცხალი ორგანიზმები და მათი ადგილსამყოფელო ერთმანეთთან გენეტიკურად არის დაკავშირებული და ინტეგრალურ დინამიურ სისტემას ქმნიან. გარემოზე ადამიანის ზემოქმედების ინტენსივობისა და მიმართულებების ცვლილებების მიხედვით, ბიოსფეროს განვითარების პროცესში შეიძლება განვასხვავოთ სამი ეტაპი:- პირველი ეტაპი გრძელდებოდა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის მომენტიდან (2.5–4.6 მილიარდი წლის წინ) ადამიანის მიერ ცეცხლის დაუფლების პერიოდამდე (80–100 ათასი წლის წინ) და ბუნებრივი გარემოს გარდაქმნაზე ადამიანის გავლენის სრული არარსებობით ხასიათდებოდა; - მეორე ეტაპი (ბიო - ტექნოსფერო) პირობითად მე-XX-ე საუკუნის 80-იან წლებამდე გრძელდებოდა და ხასიათდებოდა ბუნებრივი გარემოსადმი სპონტანური დამოკიდებულებით; - მესამე ეტაპი (ნოოსფერო) სამეცნიერო ცოდნის ზრდით და გარემოს მენეჯმენტისადმი გონივრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ამჟამად ბიოსფერო განიცდის, ძირითადად, გარემოს დაბინძურებასთან ასოცირებულ, უზარმაზარ ტექნოგენურ დატვირთვას, რასაც მცენარეთა და ცხოველების მრავალი სახეობის გადაშენებასთან მივყავართ. ბიოსფეროს შეღწევა ჰიდროლითოსფეროში მნიშვნელოვან გეოლოგიურ შედეგებს იწვევს, მაგალითად: რიგი დანალექი ქანების წარმოქმნას, გაზის, ნავთობისა და სხვა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის ფორმირებასა და მიწისქვეშა წყლების ხარისხის შეცვლას.ადამიანი ბიოსფეროს განვითარების გარკვეულ ეტაპზე წარმოიშვა და მას ნოოსფერო ანუ შეგნების სფერო ჰქვია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9