ადამიანისთვის საჭირო სამეურნეო მახასიათებლების მქონე ინდივიდების შეუგნებელი და შეგნებელი - მეთოდური შერჩევა შემდგომი გამრავლებისთვის. შეუგნებელ გადარჩევას ადამიანი წინასწარ დასახული გეგმის გარეშე აწარმოებს. შეგნებელი - მეთოდური გადარჩევა გულისხმობს ინდივიდის შეცვლას წინასწარ დასახული მიზნის მიხედვით. მას, ზოგჯერ, წინ უსწრებს შეჯვარება, იმ მიზნით, რომ შთამომავლობაში მიიღონ გენების კომბინაცია და, მაშასადამე, უფრო მრავალფეროვანი მასალა გადარჩევისთვის. ხელოვნური გადარჩევის როლი ევოლუციისთვის იმაშია, რომ ხელოვნური გადარჩევის შედეგად წარმოიშვება ისეთი თვისებებისა და ნიშნების მქონე ფორმები, რომლებიც წინათ არ არსებობდნენ. ამასთან, ხელოვნური გადარჩევა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ადამიანის ინტერესებთან შეხამებული ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშის წარმოქმნაში. წარმოადგენს სელექციის გზას.კონცეფცია „ხელოვნური გადარჩევა” შემოიღო 1859 წ. ჩარლზ დარვინმა (Charles Robert Darwin, 1809 - 1882), რომელმაც შექმნა ხელოვნური გადარჩევის თეორია. მან აჩვენა, რომ ხელოვნური გადარჩევა - შინაური ცხოველებისა და კულტივირებული მცენარეების გაჩენისა და შემდგომი ევოლუციის ძირითადი ფაქტორია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.