ფინანსური მოდელის შექმნის პროცესი. თავად ფინანსური მოდელი არის ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება ორგანიზაციის სამომავლო ფინანსური შედეგების პროგნოზირება და რომელიც ჩაშენებულია ზოგიერთ პროგრამაში, მაგალითად, MS Excel-ში. პროგნოზირება, როგორც წესი, ისტორიულ ფინანსურ მონაცემებსა და სხვადასხვა დაშვებაზე დაყრდნობით ხდება და მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგებისა და სხვა უწყისების მომზადებას. ამ უწყისების გამოყენებით კი შესაძლებელია დისკონტირებული ფულადი ნაკადებისა და სხვა სახის (მაგალითად, სენსიტიურობის/მგრძნობელობის) ანალიზის ჩატარება. ფინანსური მოდელი გამოიყენება ფინანსური ანალიზისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად ორგანიზაციის შიგნით ან მის გარეთ.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.