მაჩვენებელი, რომელიც კომერციულ ბანკებს განუსაზღვრავს, მინიმუმ, რამდენი პროცენტი უნდა დაიტოვონ რეზერვში მიღებული დეპოზიტებიდან. რეზერვის განაკვეთის ექსკლუზიური მდგენე- ლი ეროვნული ბანკია. მაგალითად, თუ რეზერვის განაკვეთი ლარში წარმოადგენს 10%-ს, იგულისხმება, რომ კომერციულ ბანკს აქვს ვალდებულება დეპოზიტის სახით მიღებული ყოველი 100 ლარიდან რეზერვის სახით შეინახოს, მინიმუმ, 10 ლარი. რაც უფრო დაბალია რეზერვის განაკვეთი, კომერციულ ბანკებს მით მეტი ფულის გასესხება შეუძლიათ მომხმარებელზე, ეს კი ამცირებს კომერციული სესხის საპროცენტო განაკვეთს და ვალის აღებას უფრო მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის. სარკისებურად განსხვავებულია სიტუაცია მაღალი რეზერვის განაკვეთის შემთხვევაში. ამგვარად, რეზერვის განაკვეთი ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლითაც ეროვნული ბანკი არეგულირებს ფულის მიწოდებას ეკონომიკაში.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.