A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

DA DE DI DO DU
DUC DUO DUP DUR

ductus, - us

m.
L. ducere წაყვანა
სადინარი
 
ductus arteriosus: არტერიული სადინარი; ემბრიონული კავშირი ფილტვის ღეროსა და აორტას შორის, რომელიც დაბადების შემდეგ განიცდის ობლიტერაციას. (Botalli).
ductus choledochus ნაღვლის საერთო სადინარი; იქმნება ბუშტისა და ღვიძლის სადინარების შეერთებით; იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში.
ductus cochlearis ლოკოკინას სადინარი; შიგნითა ყურის აპკისებრი ლაბირინთის ნაწილი, მოთავსებული ლოკოკინას სპირალურ არხში. (Canalis Loewenbergi).
ductus cysticus ბუშტის სადინარი; ნაღვლის ბუშტის გამომტანი სადინარი.
ductus deferens თესლის გამომტანი სადინარი; წარმოადგენს სათესლის დანამატის სადინარის გაგრძელებას; სათესლის ბაგირაკის გავლით მიემართება მცირე მენჯში, სადაც წინამდებარეს ზემო კიდესთან უერთდება საწრეტ სადინარს და მშხეპავი სადინარის სახელწოდებით იხსნება სათესლე გორაკში.
ductus endolymphaticus (aqueductus vestibuli) ენდოლიმფის სადინარი (კარიბჭის წყალსადენი); აპკისებრი მილაკი, რომელიც იწყება ტიკ-პარკუჭის სადინარიდან, თავსდება კარიბჭის წყალსადენის არხში და საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის უკანა ზედაპირზე მთავრდება ყრუ პარკით მაგარი გარსის სისქეში.
ductus epididymidis სათესლის დანამატის სადინარი; სათესლის დანამატის ყველაზე ზემო წილაკს გამოეყოფა სადინარი, რომელიც მიემართება ქვემოთ და გზადაგზა ღებულობს სადინარებს სათესლის დანამატის დანარჩენი წილაკებისაგან. ასე იქმნება სათესლის დანამატის სადინარი, რომელიც დანამატის კუდთან გადადის თესლის გამომტან სადინარში.
ductus excretorius საწრეტი სადინარი; წარმოადგენს სათესლე ბუშტუკის გამომტან სადინარს, რომელიც უერთდება თესლის გამომტან სადინარს და მასთან ერთად იხსნება სათესლე გორაკში.
ductus gl. bulbourethralis ბოლქვ-შარდსადენის ჯირკვლის სადინარი; ხვრეტს ასოს ბოლქვს და იხსნება შარდსადენის ღრუბლისებრ ნაწილში (BNA – ductus excretorius):
ductus hepaticus communis ღვიძლის საერთო სადინარი; იქმნება ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინარების შეერთებით და ბუშტის სადინართან ერთად ქმნის ნაღვლის საერთო სადინარს.
ductus incisivus საჭრელი სადინარი; ბრმა გასავალი, რომელიც მოთავსებულია საჭრელ არხში და ცხვირის ღრუს აერთებს მაგარი სასის ლორწოვანი გარსის საჭრელ დვრილთან. (Stenoni).
ductus lactiferi რძის სადინარი; სარძევე ჯირკვლის წილების გამომტანი სადინარები, რომლებიც იხსნებიან ძუძუს დვრილზე.
ductus lymphaticus dexter (d. thoracicus dexter) მარჯვენა ლიმფური სადინარი (გულმკერდის მარჯვენა სადინარი); იქმნება მარჯვენა საუღლე, ლავიწქვეშა და ბრონქ-შუასაყარის ღეროების შეერთებით. წარმოადგენს მოკლე (1-1,5 სმ სიგრძის) ლიმფურ ძარღვს, რომელიც იხსნება მარჯვენა ვენურ კუთხეში.
ductus mesonephricus მეზონეფროსის სადინარი; ჩანასახის პროვიზორული ორგანო, რომელიც კრანიალურად დაკავშირებულია მეზონეფროსის მილაკებთან, კაუდალურად კი იხსნება კლოაკაში. მამაკაცში გარდაიქმნება სათესლის დანამატის და თესლის გამომტან სადინარებად, ქალში კი სადინარის კაუდალური მონაკვეთი იქცევა რუდიმენტულ ორგანოდ – ეპოოფორონის გასწვრივ სადინარად (BNA – ductus Wolffi).
ductus nasolacrimalis ცხვირ-ცრემლის სადინარი მოთავსებულია თანამოსახელე ძვლოვან არხში; წარმოადგენს ცრემლის პარკის უშუალო გაგრძელებას და იხსნება ცხვირის ქვემო გასავალში. (Ferreini).
ductus pancreaticus პანკრეასის სადინარი; მდებარეობს პანკრეასის სისქეში მთელ სიგრძეზე, კუდიდან თავამდე; უერთდება ნაღვლის საერთო სადინარს და იხსნება თორმეტგოჯას დიდ დვრილზე (BNA – Wirsungi).
ductus pancreaticus accessorius პანკრეასის დამატებითი სადინარი; გამოეყოფა პანკრეასის სადინარს თავის მიდამოში და იხსნება თორმეტგოჯას მცირე დვრილზე. (Santorini).
ductus paramesonephricus პარამეზონეფროსის სადინარი; ჩანასახის პროვიზორული ორგანო, რომელიც კრანიალურად იხსნება სხეულის ღრუში, კაუდალურად კი მოპირდაპირე მხრის სადინართან შეერთების შემდეგ – შარდ-სასქესო სინუსში. მამაკაცში რედუცირდება და მხოლოდ მისი კრანიალური ნაწილი გადაიქცევა სათესლის რუდიმენტულ დანართად, კაუდალური კი – რუდიმენტულ საშვილოსნოდ. ქალში პარამეზონეფროსის სადინარიდან ვითარდება საშვილოსნოს ლულა, საშვილოსნო და საშო. ამრიგად მამაკაცში რედუქციას და მის გარდაქმნას რუდიმენტულ ორგანოებად განიცდის პარამეზონეფროსის სადინარი, ქალში კი – მეზონეფროსის სადინარი (BNA – ductus Mulleri).
ductus paraurethrales პარაურეთრული სადინარები; შარდსადენის გვერდებზე მდებარე მცირე ჯირკვლების სადინარები, რომლებიც იხსნებიან ქალის შარდსადენის გარეთა ხვრელის გვერდებზე (BNA – Skene).
ductus parotideus ყბა-ყურის ჯირკვლის სადინარი; გამოეყოფა ჯირკვალს წინა კიდის ზედა ნაწილში, წვება საღეჭი კუნთის გარეთა ზედაპირზე და მის წინა ნაპირთან ხვრეტს ლოყის ცხიმოვან სხეულს, ლოყის კუნთს და იხსნება პირის კარიბჭეში ყბა-ყურის ჯირკვლის დვრილზე, ზემო მეორე ძირითადი კბილის დონეზე. (Stenoni).
ductus perilymphaticus (aqueductus cochleae) პერილიმფის სადინარი (ლოკოკინას წყალსადენი); ძვლოვანი არხი საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილში; იწყება დაფის კიბეში და მთავრდება კლდოვანი ნაწილის საუღლე ფოსოში; პერილიმფის სადინარი აკავშირებს შიგნითა ყურის პერილიმფურ სივრცეს ქსელქვეშა სივრცესთან.
ductus reuniens შემაერთებელი სადინარი; აპკოვანი მილაკი, რომელიც აკავშირებს პარკუჭს – sacculus ლოკოკინას სადინართან. (Henseni).
ductus semicirculares ნახევარრკალოვანი სადინარები; წარმოადგენენ ენდოლიმფის შემცველ აპკისებრ ნახევარრკალოვან მილაკებს, რომლებიც მოთავსებული არიან ძვლოვან ნახევარრკალოვან არხებში და იხსნებიან ტიკში; პარკუჭთან და ტიკთან ერთად შეადგენენ წონასწორობის პერიფერიულ ორგანოს.
ductus sublingualis major ენისქვეშა დიდი სადინარი; ენისქვეშა ჯირკვლის მთავარი გამომტანი სადინარი, რომელიც მოთავსებულია ჯირკვლის შიგნითა ზედაპირზე და ქვედაყბისქვეშა სადინართან შეერთების შემდეგ, ან დამოუკიდებლად, იხსნება ენისქვეშა კორძზე. (Bartholini).
ductus sublinguales minores ენისქვეშა მცირე სადინარები; ენისქვეშა ჯირკვლის დამატებითი გამომტანი სადინარებია, რომლებიც იხსნებიან ენისქვეშა ნაოჭის გასწვრივ.
ductus submandibularis ქვედაყბისქვეშა სადინარი; ქვედაყბისქვეშა ჯირკვლის სადინარი, რომელიც ჯირკვლის შიგნითა ზედაპირზე გავლით მიემართება წინ და ზემოთ და იხსნება ენისქვეშა კორძზე (BNA – ductus submaxillaris Whartoni).
ductus sudoriferus ოფლის სადინარი; იკლაკნება ეპიდერმისში და იხსნება კანის ქედზე crista cutis.
ductus thoracicus გულმკერდის სადინარი; ყველაზე დიდი ლიმფური ძარღვი, რომელიც იწყება წრბოლის ცისტერნიდან წელის პირველი მალის დონეზე, ადის გულმკერდის ღრუში, კისრის VII მალის დონეზე უხვევს წინ, გაივლის პლევრის მარცხენა გუმბათის ზემოთ და ერთვის მარცხენა ვენურ კუთხეს. (ductus Pecqueti).
ductus thyroglossus ფარ-ინის სადინარი; ემბრიონული კავშირი პირის ღრუს ძირსა და ფარისებრ ჯირკვალს შორის. ფარისებრი ჯირკვალი ვითარდება ხახის ვენტრალური კედლის კენტი გამონაზარდიდან და თავდაპირველად დაკავშირებულია საკვებ არხთან ფარ-ინის სადინარით, რომელიც მეოთხე კვირის ბოლოს ატროფირდება და რჩება მხოლოდ მისი ნაშთი – ენის ბრმა ხვრელი. (canalis Hisi).
ductus utriculosaccularis ტიკ-პარკუჭის სადინარი; აპკოვანი მილაკი, რომელიც ერთმანეთთან აერთებს ტიკსა და პარკუჭს და გადადის ენდოლიმფის სადინარში.
ductus venosus ვენური სადინარი; ემბრიონული კავშირი ჭიპის ვენასა და ქვემო ღრუ ვენას შორის. (Arantii).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9