სახვევი, ფასცია; თხელი შემაერთებელ-ქსოვილოვანი ფირფიტა, რომელიც გარს ეკვრის სხვადასხვა ორგანოებს, ძირითადად კუნთებს
- fascia buccopharyngea ლოყა-ხახის ფასცია; ფარავს ლოყის კუნთს, საღეჭი კუნთის შიგნითა ზედაპირს; მიემართება უკან, უმაგრდება ფრთა-ქვედაყბის ნაკერს და ეშვება ქვემოთ, სადაც ქმნის ხახისა და საყლაპავი მილის გარეთა შემაერთებელქსოვილოვან გარსს.
- fascia cribrosa დაცხრილული ფასცია; ბარძაყის კანქვეშა ფასციის ნაწილი, რომლითაც დახურულია საჩინო შესავალი; იხვრიტება დიდი საჩინო ვენით და ლიმფური ძარღვებით.
- fascia diaphragmatis pelvis inferior et superior მენჯის შუასაძგიდის ქვემო და ზემო ფასცია; ამ ფასციებით შესაბამისად დაფარულია მენჯის შუასაძგიდის კუნთების ზემო და ქვემო ზედაპირები.
- fascia diaphragmatis urogenitalis inferior (membrana perinei) შარდ-სასქესო დიაფრაგმის ქვემო ფასცია (შორისის აპკი); ფიბროზული ფირფიტა, რომელიც გაჭიმულია საჯდომი და ბოქვენის ძვალთა ტოტებს შორის; მისი წინა კიდე შემსხვილებულია (ქმნის შორისის განივ იოგს) და არ აღწევს ბოქვენის სიმფიზს. ბოქვენის სიმფიზსა და შორისის აპკის წინა კიდეს შორის დარჩენილ სივრცეში გაივლის სავნებოს ან ასოს ღრმა დორსალური ვენა.
- fascia diafragmatis urogenitalis superior შარდ-სასქესო შუასაძგიდის ზემოთ ფასცია; ფარავს შარდსასქესო სფინქტერის და შორისის ღრმა კუნთის ზემო ზედაპირს და შარდსასქესო შუასაძგიდის წინა და უკანა კიდეებთან უერთდება თანამოსახელე ქვემო ფასციას. შარდსასქესო შუასაძგიდის ზემო და ქვემო ფასციებს შორის მოთავსებულია შორისის ღრმა სივრცე, სადაც დასახელებული კუნთების გარდა მდებარეობენ ბოლქვ-შარდსადენის ჯირკვლები, ან კარიბჭის დიდი ჯირკვლები.
- fascia endothoracica გულმკერდის შიგნითა ფასცია; წარმოადგენს კისრის ფასციის ხერხემლისწინა ფირფიტის გაგრძელებას; ფარავს გულმკერდის ღრუს კედლებს შიგნიდან, ქვემოთ კი გადადის შუასაძგიდის ზემო ზედაპირზე.
- fascia lata განიერი ფასცია; ფარავს ბარძაყის კუნთებს; ბარძაყის სამკუთხედში იყოფა ორ ფირფიტად, რომელთაგან უკანა – მოთავსებულია ბარძაყის სისხლძარღვების უკან, წინა ფირფიტა კი გაივლის სისხლძარღვების წინ და ქმნის ნამგლისებრ კიდეს, რომლითაც მოსაზღვრულია საჩინო, შესავალი. ლატერალურად განიერი ფასცია გასქელებულია განიერი ფასციის გამჭიმავი კუნთისა და დიდი დუნდულა კუნთის მყესების ბოჭკოებთან შეერთებით.
- fascia masseterica საღეჭი ფასცია; ფარავს საღეჭ კუნთს; ყვრიმალის რკალიდან მიემართება ქვედაყბის კიდისაკენ და გადადის კისრის ფასციაში; უკანისკენ გრძელდება ყბა-ყურის ფასციაში (BNA – fascia parotideomasseterica).
- fascia nuchae ქედის ფასცია; წარმოადგენს ტრაპეციული და ზურგის უგანიერესი კუნთების მფარავი ფასციის გასქელებულ ნაწილს კისრის უკანა მიდამოში.
- fascia obturatoria დამხურავი ფასცია; მენჯის პარიეტული ფასციის ნაწილი, რომლითაც დაფარულია შიგნითა დამხურავი კუნთის შიგნითა ზედაპირი.
- fascia parotidea ყბა-ყურის ფასცია; წარმოადგენს საღეჭი ფასციის გაგრძელებას და ქმნის ჩანთას ყბა-ყურის ჯირკვლისათვის.
- fascia pelvis მენჯის ფასცია; წარმოადგენს თეძოს ფასციის გაგრძელებას მცირე მენჯში; შედგება პარიეტული და ვისცერული ნაწილებისაგან.
- fascia perinei superficialis შორისის ზედაპირული ფასცია; წარმოადგენს სხეულის საერთო კანქვეშა, ზედაპირული ფასციის გაგრძელებას, რომელიც ასოს ფესვის უკან შეზრდილია შორისის აპკთან, წინისკენ კი გადადის ასოს ზედაპირულ ფასციაში. შორისის აპკსა, რომელიც უფრო ღრმად მდებარეობს, და შორისის ზედაპირულ ფასციას შორის მოთავსებულია შორისის ზედაპირული სივრცე, სადაც მდებარეობს ასოს ფესვი და მასთან დაკავშირებული კუნთები.
- fascia pharyngobasilaris ხახა-ძირითადი ფასცია; ხახის ფიბროზული გარსი, რომელიც შიგნიდან ამოფენილია ლორწოვანი გარსით, ხოლო გარედან – კუნთოვანი გარსით არის დაფარული. თავის ქალაზე მისი მიმაგრების ხაზი მიემართება ხახის ბორცვიდან ლატერალურად, გადაკვეთს სოლისებრი ძვლის პირამიდას, მკვეთრად უხვევს წინ და აღწევს სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის მედიალურ ფირფიტასა და კავს.
- fascia phrenicopleuralis შუასაძგიდ-პლევრის ფასცია; გულმკერდის შიგნითა ფასციის ნაწილი, რომლითაც დაფარულია შუასაძგიდი და მოთავსებულია შუასაძგიდსა და პლევრას შორის.
- fascia temporalis საფეთქლის ფასცია; აპონევროზული ფირფიტა, რომლითაც დაფარულია თანამოსახელე კუნთი; იწყება საფეთქლის ზემო ხაზიდან და გაორებული ფირფიტით უმაგრდება ყვრიმალის რკალს. გაორებულ ფირფიტას შორის არსებული სივრცე ამოვსებულია ცხიმოვანი ქსოვილით.
- fascia thoracolumbalis გულმკერდ-წელის ფასცია; შედგება წინა და უკანა ფირფიტებისაგან, რომლებიც წელის მიდამოში, წელის გამმართველი კუნთის ლატერალურ კიდესთან, ერთმანეთს უერთდებიან და ქმნიან ამ კუნთისათვის ბუდეს (BNA – fascia lumbo-dorsalis).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.